სალუაშვილი მიხეილ

წარმდგენი:

საინიციატივო ჯგუფი

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1958 წლის 16 ივლისი, თბილისი

განათლება

1975 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის მე-7 საჯარო სკოლა, 1980 წელს კი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო  ფაკულტეტი, სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა. 1980 წელს გაიარა ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა და 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ორ წლიანი კურსები. 1986 წელს მიხეილ სალუაშვილმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1987 წლის 11 დეკემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1988 წლის 11 მაისს მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1992 წლის 24 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით გახდა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის დოცენტი.

სამუშაო გამოცდილება

1979-1980 წლებში მუშაობდა სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო „მშენებლობა“-ში; 1980 წელს კი სამშენებლო სამმართველოში და 1980-1982 წლებში საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში. 1983-1989 წლებში ეკავა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, №67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე ასისტენტის, მასწავლებლისა და უფროს მასწავლებლის თანამდებობები. 1990-1991 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ დოცენტი და ციკლის უფროსი, ხოლო 1991-1995 წლებში №21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტი კათედრის გამგის მოადგილე - „დაცვითი ნაგებობების“ უფროსი; 1984 წელს მიხეილ სალუაშვილი გახდა „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ წევრი.

1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით აირჩა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად; საკრებულოს პირველსავე სხდომაზე დაინიშნა საკრებულოს მდივნად (თავმჯდომარედ) და თბილისის საკრებულოს წევრად. 1992 წლის იანვარში დაარსა პოლიტიკური ორგანიზაცია, სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“; 1992 და 1995 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.

1993 წელს დააფუძნა შპს გაზეთი „არჩევანი“; 1996 წელს შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“; 1996 წელს კი შპს გამომცემლობა „ხმა ერისა-2“. 1996 წლის 9 აპრილიდან  დაიწყო გაზეთ „ზვიადის გზა“-ს გამოცემა; 1996 წლის 15 დეკემბერს, თანამოაზრეებთან ერთად დაარსა საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“ და დაარსების დღიდან არის მისი თავმჯდომარე. 1997 წლის 4 იანვარს გამოსცა გაზეთ „დედანი ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი.

2003 წლიდან არის „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი; 2003-2004 წლებში ეკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობა; 1992-2011 წლებში კი იყო სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“-ს დარბაზის თავმჯდომარე; 2011 წლის 23 დეკემბერიდან არის ამავე კავშირის ლასკარის თავმჯდომარე.

გამოგონებები: 1985 წელს საკუთარი მაკეტებით მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ახალგაზრდა გამომგონებელთა მიღწევების გამოფენაზე „ბულგარეთი 85“; აგრეთვე, 1987 წელს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე მოსკოვში. დღეის მდგომარეობით არის: 86 მონოგრაფიის, 59 სამეცნიერო ნაშრომისა და 2000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი. 1993 წლის 26 მაისს გამოაქვეყნა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციის პროექტი. ასევე, არის კონსტიტუციის თემატიკისადმი მიძღვნილი 9 იურიდიული კრებულის ავტორი. 1988 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1989-1990 წლებში კი იყო „საქართველოს სახალხო ფრონტისა“ და „საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირის“ (1990-1992) წევრი.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს ორი ვაჟი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

Created by Artmedia