შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?

საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა კომპონენტებს მოიცავს. აუცილებელია ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ადეკვატური გადახედვა და განახლება.

საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სუბიექტად და არა მხოლოდ ობიექტად. პრევენციული დიპლომატია უნდა იქცეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის ძირითად პრინციპად.

უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, ურთიერთობების დაძაბვა და კონფლიქტების პროვოცირება გავლენის ცენტრებს შორის. ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება არ უნდა იყოს მიმართული მესამე ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ, არამედ ემსახურებოდეს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.

პრიორიტეტულია სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა და პერსპექტივაში სრულუფლებიანი წევრობა.

ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სათანადო კონცეპტუალური ბაზის მომზადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების პრიორიტეტულობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით, უსაფრთხოების პოლიტიკის სათანადო გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას, პოლიტიკის თანამიმდევრულ განხორციელებასა და შესაბამის საკადრო უზრუნველყოფას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართალდამცავი სისტემის დანიშნულებაა სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აუცილებელია დღევანდელი სახით წარმოდგენილი მონოპოლისტის – შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია, სპეცსამსახურების და პოლიციური სტრუქტურების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ქვედანაყოფებს შორის ფუნქციების სწორი განაწილება, სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მისი  ავტონომიურობის უზრუნველყოფა.

სპეცსამსახურები (დაზვერვა და კონტრდაზვერვა) უნდა გათავისუფლდნენ პოლიციური და სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციებისგან. მათ უნდა მოახდინონ ეროვნული უშიშროების საფრთხეების იდენტიფიცირება, პროგნოზირება და მონაწილეობა მიიღონ მათ ნეიტრალიზებაში.

თავიდან არის გასატარებელი ორგანიზაციულ-სტრუქტურული რეფორმა, კადრების შერჩევის, შესწავლის, მომზადების, აღზრდის და სამსახურის გავლის გასაგები და გამჭვირვალე სისტემისა და პროფესიული სტანდარტების დანერგვა. აუცილებელია რანგირების სისტემის დანერგვა. საკადრო სისტემა უნდა ეფუძნებოდეს არა პოლიტიკური კუთვნილების და პირადი ერთგულების, არამედ პროფესიონალიზმისა და კანონმორჩილების პრინციპს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით