შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » მიწის საკუთრება

როგორ ფიქრობთ, უნდა შეეძლოთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში?

ჩვენ დროში მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსია. გლობალური გამოწვევები და პლანეტაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ყოველწლიურად შემცირება მიწის რესურსებს კიდევ უფრო ძვირფასსა და მოსაფრთხილებელს ხდის. როდესაც მიწაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს არა უბრალოდ რაღაც ფართობის მონაკვეთი, არამედ რესურსი, რომლის ნაყოფიერ ნიადაგად ფორმირებასაც ასწლეულები დასჭირდა.  ამიტომ, ერთი მხრივ, მიწა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია. მეორე მხრივ კი, მხედველობაში უნდა მივიღოთ სოფლად მცხოვრები გლეხობის განსაკუთრებული დამოკიდებულება მიწისადმი - მიწა მათთვის უბრალოდ შემოსავლის წყარო არაა. მათი იდენტობა მიწას, წინაპართა ნასახლარს, წარსულს უკავშირდება. ისინი მიწათმოქმედები არიან და საკუთარ თავს მიწასთან მიმართებით აღიქვამენ.  სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ ხალხს და შესაძლებლობა მისცეს, მართლაც დარჩეს სოფლად, აკეთოს საყვარელი საქმე, მაგრამ, ამავდროულად, გლეხის ცხოვრება უნდა იყოს სრულფასოვანი, საინტერესო და არა დამქანცველი, ამაო შრომა, როდესაც ძლივს მოყვანილ მოსავალსაც ვერ ყიდის. აი, ამის მხარდაჭერა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება უცხოელებზე მიწების გაყიდვას, პრობლემა იმაში კი არაა, თუ რა ეროვნების ადამიანი ყიდულობს მიწას, არამედ იმაში, თუ როგორ უფრთხილდება ამ სახალხო რესურსს, როგორ იყენებს მას. მოაქვს თუ არა ამას სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის?  თუ ტყის მასივების გაჩეხვასა და მიწის გამოფიტვასთან გვაქვს საქმე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ეს უცხოელმა ჩაიდინა თუ ქართველმა.  წინა ხელისუფლების პოლიტიკამ სოფლად ცხოვრება გლეხებისთვის აუტანელი გახადა და ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ, მიწები, რომლიდანაც თავად მოგებას ვერ ნახულობდნენ,  უცხოელებისთვის მიეყიდათ.  ჩვენ უცხოელებზე მიწის გასხვისება კი არ უნდა ავკრძალოთ, ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ გლეხებს. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით