შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » გადასახადები და კრედიტი

უნდა ჰქონდეთ თუ არა კრედიტორებს კრედიტის/გასესხებული თანხის იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ფართის ხარჯზე ამოღების უფლება? რატომ?

ძველი ხელისუფლება ატერორებდა ბიზნესს, ართმევდა ხალხს კერძო საკუთრებას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სწორედ საბანკო კრედიტით იყო შეძენილი, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მასიურად ხდებოდა კერძო ბიზნესების წართმევა და საპროცესო გარიგებების მეშვეობით მილიონობით ლარის გამოძალვა საკუთარი მოსახლეობისთვის.

11 თვის განმავლობაში არც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა რამე იპოთეკართა პრობლემის მოსაგვარებლად. ქართული ბანკები კრედიტების სანაცვლოდ მოსახლეობისთვის ქონების ჩამორთმევას და ქუჩაში გამოსახლებას დღესაც აგრძელებენ. როდესაც ესპანეთში ერთ-ერთმა ქალბატონმა გამოსახლების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ესპანეთის ბანკებმა საგანგებოდ იმსჯელეს და ბანკების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნის ყველა ბანკმა 2 წლით გააჩერა გამოსახლებები და გადაუვადა მევალეებს დავალიანების გადახდა.

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და ბანკების ასოციაცია კი ამ პროცესებს შორიდან აკვირდებიან. საბანკო სექტორი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს კარგად ვიცით, თუმცა უსამართლობაა, როდესაც საქართველოში ზოგიერთი ბანკის მაღალჩინოსანი დღეში 13 ათას ლარზე მეტს იღებს.

ჩვენ არ ვთვლით, რომ სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს პირადი ვალები უნდა გაუსტუმროს, ამას არც ეს ადამიანები ითხოვენ, ისინი ითხოვენ ვალების გადავადებას, პროცენტის დაწევას, ისინი არ ითხოვენ ვალების ჩამოწერასა და პატიებას.

ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა იქნას მიღებული კომპრომისული და პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, არ ჩამოშლის საბანკო სისტემას და, მეორე მხრივ, ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, შეინარჩუნონ საკუთარი საცხოვრებელი და თან მოახერხონ დაგროვილი ვალის გადახდა.

მე შევპირდი დაზარალებულ ადამიანებს, რომ მათ პრობლემას გავახმიანებდი და მათ ხმას მთავრობამდე მივაწვდენდი. არ ვიცი, გაიგონებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ განცხადებას, მაგრამ, როგორც დავპირდი მოსახლეობას, ახლაც საჯაროდ ვიმეორებ: ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაში ეს საკითხი აუცილებლად იქნება ასახული და პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღეს უსახლკაროდ არის დარჩენილი, კიდევ ახალი უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და გაუბედურებული ადამიანები არ შეემატონ.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით