შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » თავდაცვის პოლიტიკა

როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია? სამხედრო სამსახურის როგორ ფორმას უჭერთ მხარს?

საქართველოს თავდაცვის ორგანიზაციული მოწყობა დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე და ადეკვატურად პასუხობდეს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს. საქართველოს თავდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე უნდა შემუშავდეს თავდაცვის ეროვნული სტრატეგიისა და შეიარაღებული ძალების განვითარების 5-წლიანი გეგმა. მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილისა და გაერთიანებული შტაბის ფუნქციები, გამოირიცხოს პოლიტიზაცია და ეფექტურად უნდა განხორციელდეს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი. ამავე დროს, ყველა პირობა უნდა შეიქმნას შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად.

საქართველო ეტაპობრივად უნდა გადავიდეს პროფესიული ჯარის მოდელზე, ამავდროულად, შექმნას ეფექტური სარეზერვო სისტემა. უნდა შემუშავდეს ომის და სხვა კრიზისული სიტუაციების დროს ურთიერთქმედებისა და კოორდინაციის გეგმები სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო უწყებას შორის. გასათვალისწინებელია, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ომის შემთხვევაში, სასაზღვრო უწყება გაერთიანებული შტაბის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადადის. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია:

  • პროფესიულად გაწვრთნილი და თანამედროვედ აღჭურვილი არმია, რომელიც მოახერხებს მისთვის განსაზღვრული ამოცანის შესრულებას;
  • ძლიერი და ეფექტიანი არმია – ორგანულად ინტეგრირებული საზოგადოებაში და მისი განუყოფელი ნაწილი;
  • საქართველოს სამხედრო ძალების სხვადასხვა ელემენტს შორის ფუნქციების ზუსტი გადანაწილება და  დუბლირების გამორიცხვა;
  • არმიის თვისებრიობის, მისი ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურის, აღჭურვილობისა და კონცეპტუალური დოკუმენტების აუცილებელი შესაბამისობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან, თავდაცვის სტრატეგიულ გეგმასთან და შეიარაღებული ძალების თავდაცვით ხასიათთან;
  • ადეკვატური კონცეპტუალური და საკადრო პოლიტიკა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით