შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

საქართველოში მრავლად არიან დასავლური ორიენტაციის მომხრენი და მოწინააღმდეგენი, მათ სხვადასხვა არგუმენტები აქვთ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება და მეწარმეობის თავისუფლება არ უნდოდეს. დასავლეთიც ეს არის, შესაბამისი ღირებულებები და ინსტიტუტები. ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერ დამკვიდრების პროცესშია და საბოლოოდ დასამკვიდრებლად მხარდაჭერა გვჭირდება. სად უნდა ვიპოვოთ დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, სიტყვისა და მეწარმეობის თავისუფლების მხარდამჭერი მოკავშირე რუსეთში? ჩინეთში? ირანში? ცხადია, ასეთი მოკავშირე მხოლოდ დასავლეთია.

საქართველოს სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება თანამდეროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისათვის საჭირო ცოდნა. ეს ცოდნა მხოლოდ დასავლეთის დახმარებით შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, დასვლეთი გვთავაზობს ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო განათლებას, ბაზარს, უსაფრთხოებას და ა. შ.

დასავლეთის სიდიდემ და შესაძლებლობებმა არ უნდა შეგვაშინოს. საქართველო ყოველთვის ახერხებდა დიდ ცივილიზაციებთან ადაპტაციას ისე, რომ საკუთარი უნიკალურობა შეენარჩუნებინა და განევითარებინა. ასე რომ, თუ ჩენი ქვეყნის გვჯერა, უნდა გავიხსნათ ახალი ცოდნისა და ღირებულებებისთვის. ამით მხოლოდ გავძლიერდებით.

რუსეთის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი აღზრდა ჩვენი საქმე არ არის. თუ რუსეთი ოდესმე მოისურვებს დასავლური ტიპის ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ამას ვერ დაველოდებით. რუსეთი ისეთია, როგორიც არის და აქედან უნდა ამოვიდეთ მასთან ურთიერთობისას.

რის შემოთავაზება შეუძლია რუსეთს? არაფრის, გარდა იმისა, რომ იმაზე უფრო ცუდად არ მოგვექცევა, ვიდრე აქამდე მოგვექცა. რუსეთს არა აქვს არც ახალი პოლიტიკური იდეები და არც პროექტები. ე. წ. ”ევრაზიული კავშირი” საბჭოთა კავშირის გადამღერებაა და სხვა არაფერი. რუსეთი გვთავაზობს მისი გავლით ვიურთიერთოთ დასავლეთთან. რატომ? ჩვენ მეცხრამეტე საუკუნეში აღარ ვცხოვრობთ და დასავლეთთან პირდაპირ, შუამავლების გარეშე შეგვიძლია ურთიერთობა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით