შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ვექტორი ისტორიულად განისაზღვრა და ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში.  იგი ორიენტირებულია ევროპულ და დასავლურ ფასეულობებზე. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება დასავლეთთან. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სუბიექტად და არ დარჩეს მხოლოდ ობიექტად. აუცილებელია გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, გავლენის ცენტრებს შორის ურთიერთობების დაძაბვა და კონფლიქტების პროვოცირება. ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება მესამე ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ კი არ უნდა იყოს მიმართული, არამედ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას უნდა ემსახურებოდეს.

პრიორიტეტულია სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა და პერსპექტივაში სრულუფლებიანი წევრობა. ამავე დროს, აუცილებელია კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება მეზობელ და რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან. არ შეიძლება არ აღინიშნოს განსაკუთრებული ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. საქართველო უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტრატეგიულ თანამშრომლობას მეზობელ აზერბაიჯანთან, რომელთანაც გვაკავშირებს მრავალწლიანი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. ამავე დროს, აუცილებელია ურთიერთობების გაფართოება სომხეთთანაც. ბოლო წლებში ყოფილი მთავრობის დაუფიქრებელმა და გაუწონასწორებელმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში უდავოდ ჩიხში შეიყვანა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რის შედეგადაც მივიღეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ოკუპირებული ტერიტორიების 20% და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. 5 წლის შემდეგაც ყოველდღიურად ვგრძნობთ ომის სავალალო შედეგებს, რისი ნათელი მაგალითიც არის რუსეთის მიერ ე.წ. ,,საზღვრის” დემარკაციის წამოწყებული სამუშაოები. ნათელია, რომ კონფლიქტის მკვდარი წერტილიდან დასაძვრელად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ დიპლომატიური საპროტესტო ნოტები და რეალობა მოითხოვს, რომ დაიწყოს დიალოგი უმაღლეს დონეზე საქართველოსა და რუსეთს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩნდება დევნილთა მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების შანსი.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით