შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

რომელ ქვეყნებთან /ქვეყანათა გაერთიანებებთან /ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/ გაერთიანება/ ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?

საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია. შესაბამისად, მისი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, კერძოდ, ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება.

ეყრდნობა რა 2008 წლის პლებისციტზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მკაფიოდ გამოხატულ ურყევ ნებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ესწრაფვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ასევე განამტკიცოს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება. საქართველო იზიარებს პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს მომავალი განვითარების გზა და ის ალიანსები, რომელთა წევრობაც სურს.

ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას, პოლიტიკური სისტემის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და  უსაფრთხოების განმტკიცებას.

ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაფართოებას. საქართველომ უნდა მიაღწიოს ევროკავშირთან ოთხი თავისუფლებით (ხალხის, საქონლის, მომსახურების, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება) სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მისცემს ბიძგს და შექმნის უკეთეს პირობებს საქართველოს მოქალაქეთათვის.

ამ მიზნით საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ევროკავშირის მხრიდან დღეს არსებული თანამშრომლობის მექანიზმები და ესწრაფოდეს, ევროპული პერსპექტივის დაფიქსირების გზით, მიიღოს დამატებითი ინსტიტუციონალური ჩარჩო და ფორმატები.

ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის სტრატეგიული საგარეო- პოლიტიკური ამოცანაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ნატოს წევრობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარ გარანტიებს შექმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.

ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს როგორც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ისე თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავაც მიესალმება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რომელთა ფარგლებში ქართული შენაერთების მიერ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს მნიშვნელობას ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, არამედ ასევე ამდიდრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოცდილებას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით