შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » გარემოს დაცვა/ეკოლოგია

გთხოვთ, დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.

თუკი ამჟამად მსოფლიოში პრიორიტეტული საკითხებიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემების შექმნაა წინწამოწეული, ახლო მომავალში უპირველეს საკითხად გარემოს დაცვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვევლინება და იგი არა კონკრეტული თემატიკური, არამედ უპირველესი პოლიტიკური პრობლემის სახით დაიმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში. იმ გამოწვევათა შორის, რომელიც ჩვენს საერთო სამყოფელს - დედამიწას მასშტაბური კატაკლიზმებით ემუქრება, არის ტექნოგენური განვითარების შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილებები: გლობალური დათბობა, ეკოლოგიური ბალანსის რღვევა და მრავალი სხვა. დადგა დრო, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა ერთიანი ძალისხმევით უნდა შეეჭიდოს ურთულეს პრობლემათა დაძლევას, რათა უზრუნველყოს სამყაროს  ჰარმონიული განვითარება მომავლის ჭრილში. ამისათვის კი აუცილებელია გარემოსდაცვითი განათლების ხარისხის მკვეთრი ამაღლება, რომლის ძირითადი მიზანია, გააგებინოს  ადამიანებს, რომ ბუნება კომპლექსურია და ხელოვნურმა გარემომ ნაკლებად უნდა დაარღვიოს ის. ამ სფეროში შეძენილი ცოდნა, ღირებულებებისა და  დამოკიდებულებების გადაფასება, პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარება მათ, რომ პასუხისმგებლობით და ეფექტურად შეიტანონ წვლილი გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასების, გადაჭრისა და გარემოს ხარისხის მართვის საკითხებში. ამასთანავე, გარემოსდაცვითმა განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ურთიერთპასუხისმგებლობისა და სოლიდარობის განცდის განვითარებას, რაც საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გარემოს კონსერვაციას, მეორე მხრივ, კი მის გაუმჯობესებას. ამასთან დაკავშირებით, გამაჩნია წინადადება, რომლის აქტუალობა ჩემში ეჭვს არ იწვევს - ყველგან და, პირველ ყოვლისა, საქართველოს განათლების სისტემაში გარემოს დაცვა აღიარებულ იქნას სასწავლო დისციპლინად და გარემოსდაცვითი განათლების სწავლება დაინერგოს ყველა დონის სასწავლო დაწესებულებაში;

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით