შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

კონფლიქტის არაძალადობრივი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია, რაც ეფუძნება არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესს.

ჩვენთვის პრიორიტეტულია აფხაზ და ოს  ძმებთან პირდაპირი ურთიერთობის ხელშეწყობა, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის დაახლოება და მათ შორის ნდობის აღდგენა.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ვთავაზობთ წარმატებული  ქვეყნის ერთად აშენებას, ევროპულ ქვეყანას, ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში, რომელიც გახდება ნებისმიერი მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და  პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. განსაკუთრებული როლი ენიჭება ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ზრდას, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციის გაძლიერებას.

ამ მხრივ, ყველანი ვაცნობიერებთ რუსეთის როლს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთთან ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების აღდგენისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულები ვართ - ამ გზაზე არ იქნება არავითარი დათმობა, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ჩვენს ღირსებას.

ამ კომპლექსურმა ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, გვქონდეს მათი უფლებების დაცვისა და თავისუფლებების განხორციელების მტკიცე გარანტიები.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით