შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია“ - შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა  პოლიტიკური, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებით წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და სხვა იმგვარი პირობების შექმნით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია, საქართველომ შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან, ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ მიზნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ − ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით