შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » ადგილობრივი თვითმმართველობა

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

თანამედროვე საზოგადოების განვითარება და კეთილდღეობა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ თვითმართველობის ინსტიტუტების მაქსიმალურად განვითარების და ამოქმედების გზით. საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მრაფალფეროვან წარმომადგენლობას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო სისტემის მაქსიმალურ დეცენტრალიზაციისა და  ადგილობრივ თვითმმართველობებზე მეტი პასუხისმგებლობის გადატანას. თვითმართველობა, როგორც ინსტრუმენტი უნდა იძლეოდეს იმის გარანტიას, რომ სისტემა და მისი ცალკეული ელემენტები დაცულები იქნებიან ამა თუ იმ არჩევნების შედეგად მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებისგან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ჩაერთვება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სისტემის მოწყობის რეფორმაში, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას და მათი, როგორც სახელმწიფო მართვის სისტემის რეალური ფუნდამენტის განვითარებას.

ეტაპობრივად უნდა მოხდეს ცენტრალური და რეგიონალური ორგანოების - სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა და ქვედა დონეზე დელეგირება. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ დონეზე მმართველობის ფორმის განსაზღვრას და არჩევითობის პრინციპის დამკვიდრებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ფისკალური სისტემის დეცენტრალიზაციისთვის. ფისკალური სისტემის დეცენტრალიზაცია გულისხმობს  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გარკვეული ფისკალური კომპეტენციების გადაცემას. ასეთი სისტემის ჩამოყალიბება გააძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, აღჭურვავს მათ მეტი პასუხისმგებლობით და შექმნის კონკურენტულ გარემოს სხვადასხვა ფისკალურ სისტემებს შორის.

მსგავსი დეცენტრალიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა მიიღონ იმდენი საგადასახადო შემოსავლები, გადასახადების შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რამდენიც აუცილებელი იქნება მათთვის გადაცემული კომპეტენციების ეფექტურად შესასრულებლად. იმავდროულად, შენარჩუნებული უნდა იყოს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ უნდა მოხდეს ქვეყნის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ისეთი შემცირება, რომ პრობლემები შეიქმნას ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკუთარი კომპეტენციების განხორციელების პროცესში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით