შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » ჯანდაცვა

რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?

გვინდა, რომ  ჩვენი ხალხი იყოს ჯანმრთელი. ამისათვის აუცილებელია:  გამართული, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული და საზოგადოებრივად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა; აქცენტი დაავადების პრევენციაზე უნდა გადავიტანოთ,  მაგრამ, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის ამ პრობლემასთან მარტო არ არის, მის გვერდითაა მთელი სახელმწიფო. არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიღუპოს გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის, გულგრილობის, უსახსრობის გამო.

სახელმწიფო ჯანდაცვითი გარანტიები უნდა გახდეს მართლაც საყოველთაო და სამართლიანი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ.

აუცილებლად უნდა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვა. ამდენი წლის დეკლარაციული დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი რგოლის მიმართ, ბოლოსდაბოლოს, უნდა შეიცვალოს. აქცენტი რეალურად უნდა გაკეთდეს დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოკვლევასა და მკურნალობაზე, რაც პაციენტისთვისაც უმჯობესია და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყოფილ უბნის ექიმებს (ახლა ოჯახის ექიმებს რომ უწოდებენ) - მოსახლეობისთვის პირველი ზოგადი საექიმო დახმარების გაწევის სპეციალისტებს, რათა მათი სამუშაო პირობები, მოტივაცია რეალურად შეესაბამებოდეს იმ დიდ ამოცანას, რასაც ჯანდაცვის სისტემა აკისრებს და რა შედეგსაც მათგან მოვითხოვთ. რეალურად უნდა დავაფასოთ ამ პროფესიონალების მძიმე შრომა.

ამბულატორიული პროფილის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო დახმარების გაძლიერების პარალელურად, უნდა შეიქმნას და დაიხვეწოს მოსახლეობის მედიკამენტური საშუალებებით უზრუნველყოფის სახელმწიფოებრივი სქემები, რათა საბოლოოდ დავაღწიოთ თავი უწამლობით მიშვებული ავადობისა და თვითმკურნალობის მიზეზით გამოწვეულ მძიმე შედეგებს.

ჯანდაცვის სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალი, მისი მაღალი კვალიფიკაცია. ამისათვის აუცილებელია სათანადო ყურადღება და ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან - თანამედროვეობის მოთხოვნათა შესაბამისი საბაზისო და შემდეგ უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღების საშუალება,  დღევანდელობის შესაბამისი სამუშაო გარემო და ანაზღაურება, რომელიც სხვისი სატკივარის გაზიარებისა და, ელემენტარულად, ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს მედიკოსებს.

სამედიცინო დახმარების სისტემის სხვადასხვა რგოლის ეფექტური და კოორდინირებული მოქმედება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით