შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » ჯანდაცვა

რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისწვდომობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს  ყველა მოქალაქისათვის  თანაბრად უნდა იყოს  უზრუნველყოფილი  ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

პაციენტის უფლებების დაცვასთან ერთად,  პრიორიტეტი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის  უფლებებიც, ღირსეულ პირობებში მუშაობა და სამართლიანი ანაზღაურება. მაღალი ხარისხის  და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გარანტია უპირველეს ყოვლისა, კვალიფიციური პერსონალია, რისთვისაც  საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებასთან ერთად, პრიორიტეტულია რეზიდენტურისა და პროფესიული განვითარების სისტემის მოდერნიზება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ უნდა  გაგრძელდეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაციის პროექტები, რათა ჩვენმა  მოქალაქეებმა  ყველა რეგიონში მაღალი სტანდარტითა  და ეფექტურად  შეძლონ მკურნალობა. ამიტომ აუცილებელია სადაზღვევო სისტემის  მოდერნიზება, ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება,  მოქალაქეებისათვის კერძო თუ სახელმწიფო სადაზღვევო სქემების გაუმჯობესება.

აუცილებელია, სადაზღვევო პაკეტები მოიცავდეს მედიკამენტების გაფართოებულ ჩამონათვალს, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ფარმაცევტულ სექტორში საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს კონკურენციას, რაც  შეამცირებს  ფასებს და უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ხარისხიანი და ეფექტური მედიკამენტების მიწოდებას.

პირველად ჯანდაცვა,  სოფლის  და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი  მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი  ფინანსურად და სადაზღვევო სქემებში ფართო  ჩართულობის გზით. მოსახლეობის ჯანმრთელობის   მდგომარეობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულობა, ძალისხმევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება, რაც გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს  და უფრო რეალისტურს გახდის ათასწლეულის მიზნების  მიღწევას საქართველოში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით