შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » დასაქმება

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ესწრაფვის, საქართველოში შეიქმნას მოსახლეობისთვის ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის წინაპირობა. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს დასაქმების ზრდა და ამ მიზნების მისაღწევად კონკურენტული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. ეკონომიკისა და მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია კვალიფიციური მუშახელის მომზადების ხელშეწყობა.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის სტიმულირების მიზნით, აუცილებელია მოხდეს გადასახადების შემცირება ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს შრომის ბაზრის თავისუფლება. დაბალი გადასახადები ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მეტ ეკონომიკურ აქტივობას, მეტ სამუშაო ადგილებსა და დაბალ ფასებს.

სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 5 წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ–ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს კანონი ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა  და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ; მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ; სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში უნდა დაემატოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ინფორმაციის პარლამენტისთვის წარდგენის ვალდებულება.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილები იქმნებოდეს არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები ამოქმედდეს რაიონულ ცენტრებში. ეს გაზრდის მოთხოვნას სოფლის მეურნეობის ხარისხიან პროდუქციაზე, რაც, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობაში ახალი კაპიტალდაბანდებების საფუძველი უნდა გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით