შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

ახალი კონსტიტუციით, ეკონომიკური ინიციატივები პრეზიდენტის კომპეტენცია აღარ არის, თუმცა გარკვეული ხედვა ცხადია გამაჩნია.

საქართველოს პირობებში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის რეგულირება უნდა იყოს მინიმალური. სადაც აუცილებელია, იქ ”გონივრული რეგულირება” უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანების საქმიანი აქტივობაა და სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ამ აქტივობის ხელისშემშლელი ფაქტორების მოხსნაში გამოიხატება. უპირველესად, ადამიანებს პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობის განცდა უნდა გაუჩნდეთ და ამ თვალსაზრისით საკუთრების ხელშეუხებლობა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ვფიქრობთ, რომ სიღატაკისა და უმუშევრობის დაძლევის რეალური გზა წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ განვითარებაშია. ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოს ძირითადი რესურსები მიმართული იქნას წარმოების განვითარებასა და საგარეო ვაჭრობის დეფიციტის შემცირებაზე.

საქართველოში ჯერჯერობით ცოტაა გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტები. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. საპენსიო/სოციალური დაზღვევის ფონდების გაჩენის, ინდუსტრიის განვითარების ფონდის შექმნის და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაზრდის შედეგად უნდა გაჩნდეს ე. წ. ”გრძელი ფული”, რომელიც გრძელვადიან პროექტებს დააფინანსებს და ეკონომიკური ზრდას უზრუნველყოფს.

უნდა გავაკონტროლოთ და 3-4 პროცენტის ჩარჩოებში მოვაქციოთ ინფლაცია. ამჟამინდელი დეფლაციის პროცესი სარისკოდ გვეჩვენება და დასაშვებად მიგვაჩნია მონეტარულმა პოლიტიკამ გარკვეული ცვლილებები განიცადოს.

ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას, ისევე როგოც სხვა შემთხვევებში, მთავარია სწორად დავსვათ ამოცანა. ანუ კონკრეტულად რა პრობლემა უნდა გადაიჭრას და შემდეგ დავსახოთ მოქმედების გზები. მაგალითად, ბევრი ლაპარაკია სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების პრობლემებზე, მაგრამ საქმე წინ ვერ მიდის. ეს იმიტომ ხდება, რომ ამოცანა აგრარული სექტორის ამა თუ იმ მიმართულების გაუმჯობესებამდეა დაყვანილი. პრობლემა კი გაცილებით მასშტაბურია. სოფლად ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამოცანა მათი სიღარიბიდან ამოყვანაა. შეუძლია აგრარულ სექტორს ამ ამოცანის გადაწყვეტა არ შეუძლია, რადგან საჭირო პოტენციალი არ აქვს. აუცილებელია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარება და სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანების რაოდენობის შემცირება. ეკონომიკამ მთლიანობაში უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ერთი რომელიმე დარგის განვითარების იმედად ვერ ვიქნებით.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით