შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

ქვეყნის სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა. ყოველმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს მიღწეული დადებითი შედეგებით და შესაძლებელი გახდეს მოსახლეობის საყოველთაო მონაწილეობა ეკონომიკური ზრდის პროცესში.

ჩვენი პრიორიტეტებია: სტაბილური გარემოს შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება, ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო ინტენსიურად მონაწილეობა. 

ჩვენ დავიწყეთ და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობების შექმნა ბიზნესისა და მეწარმეობისთვის. ამ მიმართულებით ვითარდება შეღავათიანი სესხების და ბიზნეს-ინკუბატორების პროგრამები.

სოფლის დახმარება გაგრძელდება, ვიდრე სოფელი ფეხზე არ დადგება. სოფლად ურბანული ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ხელს შევუწყობთ ისეთი სამოქალაქო-კულტურული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც სოფლად ცხოვრებას მიმზიდველს გახდის, ხელს შეუწყობს ხალხის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობის ადგილზე დაფუძნებას. სოფლად სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობების შექმნით თავიდან ავიცილებთ მიგრაციასა და დემოგრაფიულ პრობლემებს.  

თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკა ვერ დაეფუძნება მხოლოდ ამოწურვად რესურსებს, მით უმეტეს, ბუნებრივ რესურსებსაც ცოდნით უკეთესად და უფრო ეფექტიანად მოვიხმართ, ვიდრე ცოდნის გარეშე.

ეკონომიკური პროცესების უმთავრეს მამოძრავებლად ჩვენ უნდა ვაღიაროთ არა ამოწურვადი რესურსები, არამედ ადამიანური ინტელექტი. ამიტომ აუცილებელია ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების სისტემის რეფორმა.

თითოეული ჩვენგანის ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოყენებით საქართველოს ეკონომიკურად ძლიერ, მიმზიდველ და საინტერესო ქვეყნად გადავაქცევთ.

საქართველო გახდება ტრადიციულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კეთილდღეობის ქვეყანა, რომელიც მუდმივად განვითარებისკენ ისწრაფის. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით