შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

კეთილდღეობისკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი რეალიზაცია მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, უნდა ჩამოაყალიბდეს ქვეყნის მდგრადი განვითარების ისეთ მოდელი, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას.

ამ მოდელის პრინციპებია მცირე მთავრობა, ფისკალური დისციპლინა, პასუხისმგებლობიანი მაკროეკონომიკური და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დანერგვით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად - მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის მოტანა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

აცნობიერებს რა იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკონომიკის ერთერთ ქვაკუთხედად მათი ეფექტიანი ფუნქციონირება მიაჩნია.

საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციის შენარჩუნება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.

მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ანაკლიის ყურეში ლაზიკის პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ევროკავშირთან დაახლოება და ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და სათანადო მოლაპარაკებები აშშ–სთან. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით