შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

განათლება რომ უმნიშვნელოვანესი სფეროა საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემაში, საყოველთაოდ აღიარებულია და ჩემგან დასტურს არ საჭიროებს. ისიც ცნობილია, რომ წარსულში წარმოდგენილი ყველა, მეტ-ნაკლებად წარმატებული რეფორმა განათლების სფეროში, ყოველთვის მაქსიმალურად იყო ორიენტირებული სახელმწიფოს წინაშე არსებული მიმდინარე თუ პერსპექტიული ამოცანების გადაჭრაზე. ასეთი გახლდათ ბისმარკის პერიოდის ცნობილი გერმანული განათლების სისტემის რეფორმა, ე.წ. ლუნაჩარსკის საბჭოთა განათლების რეფორმა, რომელმაც წარმატებულად იმუშავა ათწლეულების მანძილზე, ასევე, ფინური რეფორმა და სხვა. განათლების დარგისთვის დამახასიათებელი უპირველესი ნიშანი ის გახლავთ, რომ იგი პერმანენტულად და ადეკვატურად რეაგირებს ყველა იმ ნოვაციურ ცვლილებაზე, რომელსაც ადგილი აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოში. გარდა ამისა, პრაქტიკაში ცნობილია  განათლების ისეთი რეფორმებიც, რომლებიც ბრმად, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე ინერგებოდა სხვადასხვა ქვეყანაში და, სამწუხაროდ,  ამგვარი რამ განხორციელდა საქართველოშიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. სწორედ ზემოთ მითითებულის არ თუ ვერ გათვალისწინებამ მიიყვანა ქართული განათლების სისტემა ღრმა კრიზისამდე. ამავდროულად, უაღრესად  მნიშვნელოვანია პოზიტიური პრაქტიკის გამოყენება  და ასეთად მიმაჩნია ფინური განათლების სისტემა, რომლის პოსტულატია ეროვნული და სამოქალაქო ღირსება, სახელმწიფო კი უმაღლესი ფასეულობითი კატეგორიაა. ამ სისტემას მაღალრეზონანსული შეფასება აქვს საერთაშორისო ექპერტთა წრეში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი რეფორმა და, მით უმეტეს, სისტემური, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს ითვალისწინებს, მტკივნეულად მიმდინარეობს. მსგავს ვითარებაში დღის წესრიგში უპირობოდ დგება საკითხი რეფორმების იდეოლოგიური და საინფორმაციო უზრუნველყოფის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია საქართველოში ამ ბოლო ოცწლეულში. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რისთვის არის აუცილებელი რეფორმა და რა შედეგზეა ის ორიენტირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება საზოგადოება ამა თუ იმ რეფორმის სრულყფასოვანი თანამონაწილე და მხოლოდ ამას შეუძლია უზრუნველყოს რეფორმის წარმატებული შედეგი. სწორედ ზემოაღნიშნულს გავითვალისწინებდი განათლების რეფორმის პროცესში. რაც შეეხება საკითხს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ, მას საფუძვლად ისევ და ისევ სისტემური მიდგომა დასჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით