შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » განათლება

როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ? როგორ პოლიტიკას უჭერთ მხარს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

განათლებისა და მეცნიერების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მწყობრი და გამართული, ინოვაციასა და ტექნოლოგიურ სრულყოფაზე ორიენტირებული განათლების სისტემა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნის და შესაბამისად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობაა.

აუცილებელია, სასკოლო ინფრესტრუქტურის შემდგომი განახლება და ყველა სკოლის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვა და საჭირო რესურსებით მომარაგება.

სასკოლო განათლების მართვის დეცენტრალიზაციის პირობებში სახელმწიფო განსაზღვრავს ეროვნულ სასწავლო გეგმას და ახორციელებს განათლების ხარისხის კონტროლს, ხოლო უშუალოდ სკოლის მართვა, ბიუჯეტის განკარგვა, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიდგომების სრულყოფა სკოლის თვითმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება.

როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განთლების დონეზე უნდა შენარჩუნდეს ერთ მოსწავლეზე/სტუდენტზე გამოყოფილი სასწავლო გრანტის მოდელი, ხოლო გრანტის ოდენობა გაიზარდოს. ეს სისტემას საშუალებას მისცემს გაზარდოს პროფესორ-მასწავლებელთა ანაზრაურება და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სხვა ხარჯები დაუახლოვოს საერთაშორისო სტანდარტებს.

განათლების სფეროში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული რეფორმების მომდევნო ეტაპი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საშუალო სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ინტეგრაცია.

უმაღლესი განათლების მიმართულებით აუცილებელია უნივერსტეტების სრული აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიისაკენ  შემდგომი სვლა.

პრიორიტეტულია ტექნოლოგიების სფეროში განათლებისა და განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა, რისი შესანიშნავი მაგალითი იყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსტეტის პროექტი. ეს და მსგავსი პროექტები გაგრძელებულ უნდა იქნეს სახელმწიფოსა და კერძო ინიციატივების მხარდაჭერით. ასევე უნდა გაგრძელდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩვენი სტუდენტების სწავლის დაფინანსება.

პროფესიული განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებს, უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ყალიბდებოდეს ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის გზით.

საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისათვის გაცნობა საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია, მათი გარდაქმნა თანამედროვე,  მიმზიდველ, მრავალფეროვან სივრცეებად, როგორც განათლების მიღების, ასევე ინტელექტუალური დასვენებისთვის. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით