შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » ხედვა

რა გესახებათ თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად?

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას, არის ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების გაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი. ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია ქართული საზოგადოების საერთო ეროვნული თანხმობა, რომლის საფუძველი უნდა გახდეს იმის აღიარება, რომ საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი, ფუნქცია და, იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება; რომ უპირობო და შეუვალია საქართველოს სახელმწიფოს უფლება, განახორციელოს საკუთარი იურისდიქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის ჩათვლით. ამასთან, ქართველი ერის შეუვალი ნებაა, აღადგინოს მოყვრული ურთიერთობა აფხაზ ხალხთან და გააჩნია კონკრეტული იურიდიული სქემა ამ ნების რეალიზაციისა; რომ ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ „ოსეთის’’ შექმნა დაუშვებელია. „სამხრეთ ოსეთი“ არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული და არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არ აქვს. ოსი ეროვნების მოსახლეობის სპეციფიკურ ინტერესთა რეალიზაციის ოპტიმალურ ორგანიზაციულ ვარიანტად კი ფუნქციური ავტონომია უნდა იქნეს აღიარებული; რომ საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის  აფხაზი ხალხი, ხოლო ყველა სხვა ეთნოსი - დიასპორა. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე; რომ დაუშვებელია ქართულ-აფხაზურ-ოსური „კონფედერაციის“ ანუ ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი გაერთიანების შექმნა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით