შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო

პარტია:

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

გადმოტვირთეთ კანდიდატის ხედვა (სრული ვერსია)

დაბადების თარიღი / ადგილი

1964 წლის 16 ივლისი, ქუთაისი

განათლება

ნინო ბურჯანაძემ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ 1981 წელს  წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1986 წელს, სწავლა გააგრძელა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

ნინო ბურჯანაძე 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტი, 1991-1992 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი, 1992-1995 წლებში კი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი იყო.

სამუშაო გამოცდილება

1995 წელს ნინო ბურჯანაძე გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, 1995-1998 წლებში ეკავა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა, ხოლო 1998-1999 წლებში აირჩიეს ამავე კომიტეტის თავმჯდომარედ.

1999 წლიდან ნინო ბურჯანაძე კვლავ პარლამენტის წევრია. 2000-2001 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. 2001 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ. ამ პერიოდში ეწეოდა აქტიურ მოღვაწეობას საერთაშორისო  არენაზე: 1998-2000 წლებში იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებელი, 1999-2002 წლებში ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე, 2001-2008 წლებში კი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე ზურაბ ჟვანიასთან ერთად იყო საარჩევნო ბლოკის "ბურჯანაძე-დემოკრატები"-ს ლიდერი. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე. 2004 წელს იგი კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ამ თანამდებობას იკავებდა 2008 წლის ივნისამდე. 

2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე, ნინო ბურჯანაძე კვლავ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნ. ბურჯანაძემ უარი განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" სიით კენჭისყრაზე და ამავე წლის ივლისში დააარსა „დემოკრატიული განვითარების ფონდი“ და გახდა აღნიშნული ფონდის პრეზიდენტი.

2008 წლის დეკემბერში, ნ. ბურჯანაძის ინიციატივით დაფუძნდა პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, რომლის თავმჯდომარედაც თავად იქნა არჩეული. იგი დღემდე იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. 2010 წლის 25 ნოემბერს, ნ. ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტიური მონაწილეობით, დაფუძნდა „წარმომადგენლობითი სახალხო კრება“. 2011 წლის 21-26 მაისს „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივით, თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი სახალხო გამოსვლები ჩატარდა.

2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში „სახალხო კრებამ“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ნინო ბურჯანაძე წამოაყენეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

ნინო ბურჯანაძეს გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მეცნიერული ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორის ერთი მონოგრაფია "ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივი საკითხები".

ოჯახური მდომარეობა:

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით