შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - ადგილობრივი თვითმმართველობა

ქვეყნის მასშატაბით დღეს არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდა რეგიონებისთვის სრული კატასტროფის მომტანია. ეს ნიშნავს, რომ რეგიონების უმეტესობაში, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონული ზრდა საერთოდ არ გვქონია. რეგიონების გამოცოცხლება მეტი თვითმმართველობით და მეტი ადგილობრივი ინიციატივითაა შესაძლებელი. რეგიონებში მოქალაქეები ცენტრიდან მომავალი ბიუროკრატიული სირთულეებით არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი. რეგიონებს საკუთარ თავზე მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ.

 

განვლილი წლების განმავლობაში მოიკლო სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპმა, გაუქმდა სოფლის დახმარების პროგრამა, არ იქნა შემოყვანილი საკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ყველაფერმა ამან კიდევ უფრო დაამძიმა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის პირობები.

 

ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, საპარლამენტო გუნდთან ერთად მივაღწევთ საბიუჯეტო პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილებას და მთავრობის საზედამხედევლო საქმიანობით უზრუნველვყოფთ სოფლად გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას და უსწრაფეს დასრულებას; ვაიძულებთ მთავრობას, გამოყოს თანხები ქვეყანაში დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოსაყვანად და სამართლიანად გასანაწილებლად ყველა რეგიონში; საბიუჯეტო პრიორიტეტად ვაქცევთ ირიგაციის თემას მოსახლეობისთვის სარწყავის წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით; საპარლამენტო გუნდთან ერთად აღვადგენთ სოფლის დახმარების პროგრამას, რათა ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტონ, რაში დაიხარჯოს მათთვის გამოყოფილი თანხები.

 

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მივაღწიოთ ევროკავშირის ფონდების და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანხების მოზიდვას და ინვესტირებას ქართულ სოფელში, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებებლი და საკონსერვო წარმოების აღდგენის და სოფლად სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით. ვიმუშავებთ უცხოეთში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მასზე მოთხოვნის გასაზრდელად, ახალი საერთაშორისო ბაზრების გასახსნელად და უკეთ ასათვისებლად.