შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს, პარიზში. 1972 წელს მან დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს - კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს - პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა. 2006-2016 წლებში, სალომე ზურაბიშვილი იყო საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი. იგი ფლობს საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნულ ორდენსა და საპატიო ლეგიონის ორდენს.

 

სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კარიერა  1974 წელს რომში დაიწყო, საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობით. 1977-1980 წლებში, იგი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ხოლო 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრში. 1992-2003 წლებში, სალომე ზურაბიშვილი იკავებდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებს. 2003-2004 წლებში, იგი ასრულებდა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობებს. 2004-2005 წლებში, სალომე ზურაბიშვილს ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 2005 წლიდან იგი აქტიურად ჩაერთო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩამოაყალიბა საკუთარი პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა" (2006-2010 წწ). ის ასევე არის საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი.