შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
გრიგოლ ვაშაძე - ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და ხშირად ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. საქართველოში ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თანასწორია კანონის წინაშე. თუმცა, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ჩაგვრას, უთანასწორობას, დისკრიმინაციას, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა.

 

ამ პრობლემების მოგვარებისთვის და რეალური თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია, ინტენსიური მუშაობა. ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა იყოს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელმა თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა იგრძნოს. ამისთვის კი, აუცილებელია მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა.  

 

უნდა გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რათა გამარტივდეს მათი ინტეგრაციის პროცესი. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პროგრამა „1+4", რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ამ პროგრამით ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს მიეცა საშუალება უმაღლესი განათლება მიეღო.