შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
გრიგოლ ვაშაძე - განათლება

სახელმწიფოს განვითრებისა და წარმატების ფუნდამენტი ხარისხზე ორიენტირებული განათლების სისტემაა. განათლების სწორი, თანამედროვე პოლიტიკის ხედვა უნდა ეყრდნობოდეს მისი ციკლურობის, უწყვეტობის (სკოლამდელიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით), ინკლუზიურობის გააზრებას. მნიშვნელოვანია მიზნობრივი განათლების ინსტრუმენტების დანერგვა სასწავლო პროცესში - ინდივიდის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა განათლების ყველა საფეხურზე, სოციალიზაციის, პიროვნული წარმატების, თვითშეფასებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების უნარების განვითარება.


სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, ამ გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გადაიდგას გადამწყვეტი, პროგრესზე ორიენტირებული ნაბიჯები:

  • განათლების ბიუჯეტის გაორმაგება;
  • დეცენტრალიზაცია;
  • დეპოლიტიზაცია;
  • საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს კონცეფციის პრიორიტეტად ქცევა;
  • ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა;
  • გადაიხედოს პედაგოგთა სერტიფიცირების წესი, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის ეფექტურობა;
  • მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა 1000 ლარამდე;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების შეთავაზების გზით;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება-პროვაიდერი ორგანიზაციების აკრედიტაციის გზით;
  • საატესტატო და  ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია;
  • არაფორმალური განათლებისა და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა;
  • პროფესიული განათლების პოპულარიზაცია საშუალო სკოლის ბაზაზე. 
  • ბაზრის კვლევისა და მოთხოვნების, ასევე,  დამკვეთთა ინტერესების შესაბამისად,  პროფესიული სასწავლო პროგრამების ამოქმედება და პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შექმნა/პოპულარიზაცია.
  • პროფესიული და საზოგადოებრივი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, რომლითაც სარგებლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები;
  • ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემაში;
  • ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტის, რომლის სარეიტინგო ქულაც 200 000-მდეა, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ;
  • ავტორიზაცია-აკრედიტაციის სისტემის გარდაქმნა;
  • წარჩინებული სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, მათი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება;
  • უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა საქართველოში;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა;
  • სამეცნიერო გრანტების აქტივიზაცია, პრიორიტეტული სფეროების  გადახედვა და დაფინანსების  გაზრდა გამჭვირვალობის და კონკურენტუნარიანობის პრინციპის დაცვით.