შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
გრიგოლ ვაშაძე - უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი ინტერესია აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განვავითაროთ საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული თანამედროვე დემოკრატიული ქართული ტრადიციების საფუძველზე შექმნილი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობიანი გზით, ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით საქართველოს ძირძველი კუთხეების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი - „სამხრეთ ოსეთის“ დეოკუპაცია. საქართველოს მიზანია მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს და განამტკიცოს ყველა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოსთან ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის განუხრელი დაცვით. საქართველო მიისწრაფვის გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. იყოს აქტიური გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, გუამის და სხვა მშვიდობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა პროგრესზე ორიენტირებული ორგანიზაციების წევრი. საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება გვესახება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიძლიერის დიდ პოტენციალად, რაც საფუძველი უნდა იყოს შემდგომში კავკასიის, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი სახელმწიფოს როლის დასამკვიდრებლად. საქართველომ გონივრულად უნდა გამოიყენოს  გეოგრაფიული მდებარეობა მისი სატრანზიტო ფუნქციისა და შესაბამისად ეკონიმიკური სარგებლის გაზრდის თვალსაზრისით.


საქართველომ უნდა განამტკიცოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ის სტრუქტურები, (კონტდაზვერვა და დაზვერვა), რომელიც ჩვენს რთულ რეგიონში შეძლებს უპასუხოს საქართველოს ეროვნული უშიშროებისათვის არსებულ ყველა აქტუალურ და სტრატეგიულ გამოწვევას. უნდა მოხდეს სუსის, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველის ხელში პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს, კომპლექსური რეორგანიზაცია მისი ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლებისა და სრული დეპოლიტიზაციის მიზნით.


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტიანი და ოპერატიული გადაწყვეტლებების მიღების და მათი იმპლემენტაციის კონტროლის მიზნით უნდა აღდგეს დღეს ფაქტობრივად განადგურებული ეროვნული უშიშროების საბჭო. ამავდროულად, დაიხვეწოს და უფრო ეფექტიანი გახდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ყველა ინტიტუტისა და სტრუქტურის დაბალანსებული, მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ეფექტიანი საქმიანობა.