შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
გრიგოლ ვაშაძე - გარემოს დაცვა/ეკოლოგია

ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით მრავალი რისკი არსებობს - ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით, ნარჩენების მართვის პრობლემა, პესტიციდებით, მძიმე მეტალებით და რადიაქტიული ნივთიერებებით დაბინძურების პრობლემა, პრობლემური ნიადაგების დეგრადაცია და ეროზია, წყლის და კანალიზაციის გაუმართავი სისტემების არსებობა, მინერალების ღია კარიერული წესით მოპოვება, ტყის და ბიომრავალფეროვნების დაუცველობა და სხვა.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ავტოტრანპორტიდან, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტებიდან წარმოებული გამონაფრქვევებით. გარემოს დაბინძურებაში დიდი წვლილი აქვს ნარჩენების პრობლემას. რამდენიმე ქალაქის გარდა, ნაგავი უახლოეს ხევში ან მდინარეში იყრება. იქ კი, სადაც ოფიციალური მუნიციპალური ნაგავსაყრელებია, უმრავლესობას არ გააჩნია ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების შეგროვება-გაწმენდის სისტემა და წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან დაიცავდა.

გარემოს დაბინძურების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, რისი გაუვნებელყოფაც არ ხდება და რაც აუცილებელია.

საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სტანდარტებზე აგებული პოლიტიკა და შესაბამისად, კანონმდებლობა ნარჩენების მართვის სფეროში. არ არსებობს ნარჩენების პრევენციის დაკავშირება რესურსების დაზოგვასთან, მწარმოებლის პასუხისმგებლობა ან წახალისება რესურსების დაზოგვის და ნაკლები ნარჩენის წარმოქმნისათვის.

ყველაზე მწვავე პრობლემა, არაეფქტიანი და ბიზნესინტერესებზე მორგებული ენერგოპოლიტიკაა. ის არ არის ორიენტირებული არა მთლიანად ენერგოსექტორის გაუმჯობესებაზე, არამედ მხოლოდ ჰიდრორესურსების სწრაფ ათვისებაზე. ენერგოპოტენციალის მხოლოდ კომერციული და მონეტარული კრიტერიუმებით შეფასება არასწორია და მოძველებულია.

უნდა შეიცვალოს არსებული პოლიტიკა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ენერგიის დამზოგველი პოლიტიკისკენ. უნდა შემუშავდეს ელექტროენერგეტიკისა და განვითარების სტრატეგია, გადაიხედოს დაგეგმილი ელექტროსადგურების მშენებლობა და გაკეთდეს პროექტების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. უარი უნდა ითქვას გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და დაიწყოს არსებული ჰესების რეაბილიტაცია-გაწმენდის პროგრამა, რაც დაახლოებით ათას მეგავატამდე გაზრდის გამომუშავებას. ჰესების მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის ბუნებრივი გარემო და იქ მცხოვრებთა ინტერესები. სახელმეწიფომ მოსახლეობაში უნდა დაიწყოს ენერგორესურსის თვითგამომუშავების სტიმულირება, რისი პოტენციალიც საქართველოში მაღალია. ასევე, უნდა დაიწყოს ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება.

ქვეყანაში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიხვეწოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ლიცენზიების გაცემის ტყის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის, სივრცითი დაგეგმვის და სხვა კანონმდებლობები.