შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
გრიგოლ ვაშაძე - რეგიონული თანამშრომლობა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, გახდეს ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) სრულფასოვანი წევრი. ამ მიზნისაკენ სწრაფვა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით, რაც გულისხმობს ქვეყნის, როგორც  შიდა დემოკრატიის განმტკიცებას, ისე პოზიციების გამყარებას საერთაშორისო არენაზე. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, საქართველოს საკითხი ფაქტობრივად მოხსნილ იქნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რაც, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, უკიდურესად საზიანოა. ჩვენი მიზანია, საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დემოკრატიული სამყაროს მშვიდობისა და სტაბილურობის სისტემაში. საქართველომ უნდა განაგრძოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი ღირსეული წვლილის შეტანა ავღანეთში ნატოს-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობით, არსებითი პაკეტის ფარგლებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად, რაც ალიანსში სწრაფი გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს.


საქართველომ უნდა იზრუნოს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე და აშშ-საქართველოს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახული პრინციპების განხორციელებაზე. საქართველოს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, მიაღწიოს აშშ-თან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რაც უდიდეს პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით.


საქართველომ უნდა მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სიღრმისეული ათვისება, რათა სრულად იქნას მიღებული ის სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი, რის შესაძლებლობასაც იძლევა აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.


საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია კეთილმეზობლური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება და განმტკიცება  რეგიონის ქვეყნებთან. საქართველოს მზარდი ეკონომიკური როლი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც მეზობელ, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან.