შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - საქართველო და ევროკავშირი

ევროკავშირი ამჟამად რთულ მდგომარეობაშია, რადგან ერთგვარად მოუმზადებელი შეხვდა სხვადასხვა მხრიდან (მათ შორის - შიგნიდან) ერთდროულად გაჩენილ გამოწვევებს: პუტინისეული რევიზიონიზმი/რევანშიზმი, მიგრანტთა მოზღვავება, ბზარები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, ბრექსითი, პოპულისტების შემოტევა მარჯვნიდან თუ მარცხნიდან და ა.შ. ამგვარი ვითარება გაურკვეველ მომავალში გადაწევს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რაც, ასევე სამომავლოდ გადაწევს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუმცა, საქართველოს მხრიდან გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ერთგვარი კომპენსაციის მიღებაც გახდება შესაძლებელი. ჯერ ერთი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება (თავისუფალი ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტითურთ) უზარმაზარ რესურსს შეიცავს, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ჯერ-ჯერობით ათვისებული. მთავარი კი ისაა, რომ რაკი გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, შემდგომი დაახლოების ეკონომიკურ სეგმენტში საქართველო თავისუფლების შედარებით მაღალი ხარისხით ისარგებლებს (დემოკრატიის ნაწილს ეს არ ეხება) და მეტი შანსი ეძლევა პრიორიტეტები და ვადები ისე განსაზღვროს, როგორც ეს მას წარმოუდგენია, მოახდინოს იმ ნორმებისა და რეგულაციების ამოქმედება, რომელთა ასამოქმედებლად მზად იქნება და რომელთა ამოქმედება არ დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. არსებითად, ეს იქნება ევროკავშირში ეტაპობრივი, სექტორალური გაწევრიანების პროცესი ფორმალური გაწევრიანების სამომავლოდ გადადებით. ამ გეგმის წარმატებით ხორცშესხმა, სულ მცირე, ორ პირობას მოითხოვს: ვირტუოზულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ უზრუნველოფას გარეთ და უნაკლო დემოკრატიულ პროცესს ქვეყნის შიგნით.