შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები

ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და პოლიტიკოსისთვის, მთავარი ღირებულებები არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უფლებები. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვისაც დამატებითი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის. ეროვნულ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს სწორედ ასეთი, თითქმის გარდაუვალი დაბრკოლებები ექმნებათ და სწორედ ამიტომაა მათზე მეტი ზრუნვა აუცილებელი.


უმცირესობა არ ნიშნავს „დამცირებულს“ ან „მცირედ ადამიანს“. უმრავლესობად და უმცირესობად სრულუფლებიანი და „სრულად ადამიანი“ ადამიანები იყოფიან. ამ ელემენტარული პრინციპის გაცნობიერება და როგორც შინაგანად, ინდივიდუალურად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში განუხრელად დაცვა და ერთგულება ყოველი ჩვენგანის, საქართველოს ყოველი კულტურული და კანონმორჩილი მოქალაქის მოვალეობაა, რომლის განმარტება და დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა სახელმწიფო ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ამოცანათა შორის უნდა იყოს. დემოკრატიულ და სამართლებრივ საქართველოში ნებისმიერი ადამიანის უფლებების დარღვევა არის და იქნება დანაშაული, ხოლო ვინმეს „ცოტაობის“ გამო დაჩაგვრა იქნება დანაშაული, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში.


რაც შეეხება მათ ჩართულობას სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, შესაძლოა, ყველაზე საშური კომპონენტი. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს მიუღებელია, მაგრამ ახსნადია. თუმცა მიუღებელია, აუხსნელია და სავალალოა სახელმწიფოებრიობის (კანონის, პოლიტიკის, სახელმწიფო ენის, საერთო სიხარულის, საერთო ჭირის) გავრცელების მდგომარეობა უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებში. პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანის დონეზე იქნება დასმული ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ინდივდუალური და რეგიონული თანამონაწილეობის 10 წლიანი პროგრამის შემუშავება და რეალიზება. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების წარმომადგენელთა ჩაბმა მათი მისწრაფების, უნარისა და კომპეტენციის ჰარმონიული განვითარების საფუძველზე; ცხადია, არა მათი კულტურულ-ეთნიკურ-რელიგიური თავისებურებების ნიველირების მიზნით, არამედ მათში საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქის იდენტობის გაღვივებისთვის.