შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ნარკოპოლიტიკა

ნარკომანია იმ ტიპის პრობლემაა, რომლის მოგვარებაში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერიოს. ჩარევის ინსტრუმენტები და მეთოდები კი უნდა იყოს ეფექტური (გაზომვადი ინდიკატორებით უნდა ვხედავდეთ მკაფიო პოზიტიურ შედეგებს) და არ უნდა იწვევდეს უარყოფით თანამდევ მოვლენებს (ნარკოდამოკიდებულთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების შელახვა; ნარკომანიასთან ბრძოლის რეპრესიული ინსტრუმენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება; კორუფცია; ნარკომანიის უნებური პოპულარიზაცია).


საქართველოში დღემდე გატარებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არის არაეფექტური (ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა იზრდება და არ მცირდება; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნარკოტიკების მოხმარების დონე იზრდება და არ მცირდება) და თან ახლავს მძიმე თანამდევი უარყოფითი შედეგები (რეპრესიული ინსტრუმენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება; კორუფცია; უფლებების შელახვა). სისხლის სამართლის კოდექსით და პოლიციით ქურდობას და ნარკომანიას ერთნაირი წარმატებით ვერ დავამარცხებთ: პირველი, მეორისგან განსხვავებით, მორალურად გაკიცხულია თითქმის მთელი საზოგადოების მიერ; მეორეს, პირველისგან განსხვავებით, ავადმყოფები სჩადიან, რომელთა ნებელობითი წინააღმდეგობის დონე მინიმუმზეა დასული.


აშკარად გვჭირდება მეტი შედეგის და ნაკლები ზიანის მომტანი ნარკოპოლიტიკა, რომელშიც რეპრესიული ინსტრუმენტები, პოზიტიური სამოტივაციო ფაქტორები და სამკურნალო მეთოდები უკეთ იქნება დაბალანსებული. ამისათვის საჭიროა პარლამენტის და მთავრობის მიერ შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებების სისტემა, რამაც დააგვიანა და მივიღეთ ყველაზე უარესი - საკონსტიტუციო სასამართლომ, მხოლოდ უფლებრივ ასპექტებზე დაყრდნობით (სხვა მას არც არაფერი შეეძლო...), ფუნდამენტური ცვლილება შეიტანა სამართლებრივ რეჟიმში. ეს სინამდვილეში ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ნიშნავს, მაგრამ საზოგადოებამ აღიქვა, როგორც სრული ლეგალიზაცია. ამ საკითხზე ჩვეულ კონფრონტაციულ და ზედაპირულ სტილში გამართულმა პოლიტიკურმა დებატებმა კი ბევრ მსმენელ-მაყურებელზე ნარკოტიკის პოპულარიზაციის ეფექტი უფრო მოახდინა, ვიდრე ნარკომანიასთან განსხვავებული, უფრო ჰუმანური და ეფექტური მეთოდებით ბრძოლის.


დღეს ნარკომანიასთან ბრძოლის ნაცვლად ვებრძვით და ვასუსტებთ ერთმანეთს და ყვავის ნარკომანია და ნარკომაფია. აუცილებელია ამ საკითხზე მეტი საზოგადოებრივი დისკუსია, მეტი კვალიფიციური სპეციალისტის ჩართვა, მეტი კონსენსუსი. უკეთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების რეალური მდგომარეობა და უკეთ უნდა გავიაზროთ ნარკომანიის წამახალისებელი მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში.