შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - გადასახადები

საშემოსავლო გადასახადის არსი ძირფესვიანად არის გადასააზრებელი. დღევანდელი სისტემა ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს შემოსავლების შევსების ინტერესს და თითქმის მთლიანად არის იგნორირებული გადასახადის გადამხდელთა წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების დამკვიდრების ინტერესი.


თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა დაფუძნებულია გადასახადის გადამხდელ და ბიუჯეტის მაკონტროლებელ აქტიურ მოქალაქეზე. ამის საპირისპიროდ, საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ბიუჯეტის მაკონტროლებლის თვითგანცდა, რადგან მას არ აქვს ბიუჯეტის თანამესაკუთრეობის შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ იგი თავს არ თვლის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად; ეს იმიტომ, რომ იგი გადახდილ საშემოსავლო გადასახადს არ თვლის თავისი შემოსავლის ნაწილად; ეს იმიტომ, რომ იგი ჯერ „ჯიბეში არ იდებს“ და მერე „ჯიბიდან არ იხდის“ ამ თანხას. შესაბამისად, იგი თვლის, რომ საკუთარი შრომის და ოფლის კუთვნილი გასამრჯელო სულ სახლში წაიღო, ხოლო გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, ისევე, როგორც ბიუჯეტში გადახდილი სხვა გადასახად-მოსაკრებლები, დამქირავებლის „ჯიბიდან“ წავიდა. შესაბამისად, იგი თვლის, რომ თუ მთავრობა მასაც გაუკეთებს რამეს ბიუჯეტიდან, ეს მისდამი გაღებული მოწყალებაა და არა მისივე შრომის შედეგი, რომელიც მას საჯარო სისტემის გავლით დაუბრუნდა.


ქვეყანაში მცხოვრები ასეთი თვითგანცდის მქონე ადამიანებისგან ვერასოდეს მივიღებთ საკუთარ სახელმწიფოში მცხოვრებ მოქალაქეებს და ვერასოდეს მივიღებთ სახელმწიფოს ამ ქვეყანაში. საჭიროა საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების იმგვარ სისტემაზე გადასვლა, როდესაც მოქალაქე სრულად მიიღებს შემოსავალს და შემდგომ სახელმწიფოს გადაუხდის კუთვნილ გადასახადს. ამ გზით მოქალაქისთვის თანაბარი ფასი, წონა და დატვირთვა უნდა შეიძინოს ელექტროენერგიის მოხმარებისთვის გადახდილმა 50 ლარმა და საშემოსავლო გადასახადის სახით მთავრობისთვის გადაცემულმა 50 ლარმა, შესაბამისი კითხვებით, მოლოდინებით, პრეტენზიებით.


ეს ყველაფერი საჭიროა სახელმწიფოს გასამყარებლად, მოქალაქეების გასააქტიურებლად, მთავრობის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და არა საგადასახადო სისტემის დასახვეწად. ამიტომაც, ამაზე სახელმწიფოს მეთაურმა უნდა იზრუნოს.