შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ეკონომიკა

საქართველოში მშპ-ს ზრდასთან ერთად არ ხდება ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდის სიკეთეები მოსახლეობის ფართო ფენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ძალიან დიდია უთანაბრობა შემოსავლების გადანაწილებაში, რის გამოც, ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის დიდ ნაწილში სიღარიბის დონე იზარდება.


ეს პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ ღარიბი გამდიდრდეს და მდიდარი არ გაღარიბდეს. ამისათვის ეკონომიკურ პროცესებში უნდა ჩაერთოს ქვეყნის ბევრად უფრო მეტი მოქალაქე ოღონდ, როგორც სამეწარმეო სუბიექტები და არა როგორც დაქირავებული მუშაკები. ეს კი შესაძლებელია, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარებით და, მეორე მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარებით და გაცილებით მეტი მესაკუთრე-აქციონერის გაჩენით.


შესაბამისად, მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენების პროცესი, ამ ეტაპზე, უნდა შეჩერდეს და ეკონომიკურ განვითარებაზე გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები მთლიანად უნდა მიემართოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ამ პროცესში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირის ქვეყნების მიერ მათი განვითარების ადრეულ ეტაპებზე გამოყენებული და თანამედროვე შესაძლებლობებთან ადაპტირებული ინსტრუმენტები. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უნდა განხორციელდეს გონივრული სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით, რაც უნდა ეფუძნებოდეს რეალურად  არსებულ ადამიანურ, ფინანსურ, ბუნებრივ და სხვა მატერიალურ რესურსებს, რომელთა შორის პირველი რიგის პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს  სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოებისა და მისი გადამუშავების სექტორების სწრაფ განვითარებას; ასევე,  ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში  მოწინავე ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას. რადგან სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, სადაც შედარებით მოკლე დროში შესაძლებელია ზრდის ყველაზე მაღალი შედეგების მიღწევა (მათ შორის ადგილობრივი ბაზრის ხარჯზე), მისი სწრაფი განვითარება დააჩქარებს მომიჯნავე სფეროების განვითარებასაც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსს, გაზრდის სასურსათო უსაფრთხოებას, ეტაპობრივად შეამცირებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ დანახარჯებს და ა.შ.