შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - განათლება

პირველ რიგში, უნდა დასრულდეს „განათლების პოლიტიკის არქონის პოლიტიკა“ განათლების სისტემაში. სახელმწიფო მმართველობის სფერო, რომელიც ყველაზე სტაბილური უნდა იყოს, ყველაზე ცვალებადია და, საშუალოდ, 2 წელიწადში ერთხელ, ყველაფერი თავიდან იწყება. პრეზიდენტმა განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მრავალპარტიული კონსენსუსის მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ტაქტიკურ ცვლილებებს იწვევდეს. ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება, თუ პრეზიდენტი საკუთარი კონცეფციით გამოვა და ფასილიტატორის ნაცვლად, მხარე გახდება.


ამასობაში, პრეზიდენტმა უნდა იაქტიუროს განათლების საკითხებში საზოგადოების განათლებაზე - ცოდნის და პროფესიის, დასაქმების და კვალიფიკაციის, აღზრდის და განათლების, კონკურენციის და წარმატების ურთიერთმიმართების და ურთიერთდამოკიდებულების კარგად გასააზრებლად. პრეზიდენტმა ინდივიდების და საზოგადოების დონეზე უნდა გააღვივოს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების სურვილი, როგორც მეტი და უკეთესი განათლების მიღების მთავარი მოტივაცია.


პრეზიდენტის ხელთ არსებული შეზღუდული ფინანსური რესურსის ნაწილის მიმართვა ხელმოკლე, ან განსაკუთრებული უნარების მქონე ახალგაზრდების სტიპენდიებზე შესაძლოა არ იყოს ურიგო საქმე; მაგრამ ამავე სახსრებით მეტი ახალგაზრდისთვის შეიძლება ხელშეწყობა თუ იგი სისტემური ცვლილებებისკენ, ან კერძო ფონდების მოძიებისკენ იქნება მიმართული.


პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, უკეთ უნდა წარმოაჩინოს განათლების მნიშვნელობა XXI საუკუნეში სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - კიდევ უფრო მკაფიო გახდება მძაფრი კონკურენცია შრომის ბაზარზე, ისევე, როგორც ინფორმაციული შეტევები და პროპაგანდისტული მანიპულაციები სათანადო განათლების არმქონე სოციალურ ჯგუფებზე, რაც არ სცნობს სახელმწიფო საზღვრებს.