შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

საქართველოს სწრაფვა ევროპული ერების ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ არ გახლავთ არც გარედან თავსმოხვეული და არც ამა თუ იმ ხელისუფლების ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება; თავისი კულტურით, ცნობიერებითა და იდენტობით საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ძალდატანებით იყო ხოლმე მოწყვეტილი მშობლიურ ცივილიზაციურ გარემოს.


დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკისა და დიპლომატიის უმთავრესი მიღწევა ევროატლანტიკური კურსის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფაა: ხელისუფლებები იცვლებოდა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია კი ურყევი რჩებოდა. შედეგად, დღეს საქართველო თავისუფალი (დასავლური) სამყაროს საიმედო და ღირსეული პარტნიორია; არსებითად - მისი შემადგენელი ნაწილია კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ნებისმიერი სხვა კუთხით და ელის მომენტს, როცა ეს მდგომარეობა ფორმალიზებული იქნება ნატოში და ევროკავშირში წევრობით. ამ მომენტის მოახლოება კი აუცილებელია როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში შესაძლებლობების მთელი სპექტრის გამოყენება/განვითარებით. რაკი კონსტიტუციის თანახმად „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ (მუხლი 46.2), „აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს“ (მუხლი 49.1.ა), მთავრობასთან კოორდინირებული მისი აქტივობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.


გეოპოლიტიკურ პროცესებში გამოკვეთილი ძირითადად უარყოფითი ტენდენციების გამო, უახლოესი წლები არ იქნება მარტივი; განსაკუთრებით რისკიანი იქნება ეს წლები მომცრო სახელმწიფოებისთვის, რომლებზეც ავტომატურ რეჟიმში არ ვრცელდება კოლექტიური უსაფრთხოების რომელიმე სისტემის (ჩვენს შემთხვევაში - ნატოს) გარანტიები. უსაფრთხოების ამგვარი უკმარისობის კომპენსირება შესაძლებელია შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური მობილიზებით და, ამ უკანასკნელი თვალსაზრისით, აშშ-ის მნიშვნელობა საქართველოსთვის სრულიად უნიკალურია. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია საუკეთესო სასტარტო პოზიციაა ორმხრივი სარგებლიანი ურთიერთობების შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია/გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით - ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის სწორედ ორმხრივი ფორმატებისკენ მიდრეკილების პირობებში.