შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - უსაფრთხოების პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ არცერთი პრემიერ-მინისტრის ყურადღების ფოკუსში უსაფრთხოების პრობლემატიკა არ მოქცეულა; ვერც მოქმედ პრეზიდენტს მოუხერხდა ვითარების გამოსწორება. შედეგად, მივიღეთ პარადოქსული მდგომარეობა, როცა ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ხან ორი პარალელური ორგანო გვყავდა (უშიშროების საბჭო და უსაფრთხოების საბჭო), შემდეგ კი ორივეს გაუქმება გადაწყდა (კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული „თავდაცვის საბჭო“ ფიქტიური ორგანო იქნება, რადგან საკუთარი აპარატი არ ეყოლება და შეიკრიბება მხოლოდ ომიანობის დროს, ანუ მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება). რაკი უწყებათაშორისი კოორდინაცია სათანადოდ არაა აწყობილი, პასუხისმგებლობა კი გაბნეულია და უსაფრთხოების სფეროში ზოგი ფუძემდებლური დოკუმენტი უმოწყალოდ მოძველებულია (ასეთია, მაგალითად, 2011 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია), კანონმდებლობა დახვეწა/ჰარმონიზებას, ხოლო მთლიანად უსაფრთხოების სისტემა გამართვას მოითხოვს.


უსაფრთხოების პრობლემატიკამ უნდა დაიმკვიდროს ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი ხელისუფლების დღის წესრიგში და მომავალი პრეზიდენტი (და მთავრსარდალი - კონსტიტუცია; მუხლი 46.2) მოწოდებულია თვალსაჩინო როლი შეასრულოს ამ მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში. მოკლე დროშია მისაღები კანონი უშიშროების/უსაფრთხოების საბჭოს შესახებ (სამომავლოდ კი მას უნდა აღუდგეს კონსტიტუციური სტატუსი), რომელიც იქნება მუდმივმოქმედი ორგანო, მისი აპარატის შესაბამისი საკადრო/საექსპერტო, საინფორმაციო და სხვა სახის უზრუნველყოფით. უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის მოწესრიგების შედეგად უნდა გამოირიცხოს ფუნქციების დუბლირება და პარალელიზმი, მკაფიოდ გაიწეროს კომპეტენციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ხარისხობრივად გაუმჯობესდეს საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პერსონალურად და სისტემატურად უნდა მონაწილეობდნენ წვრთნებსა და იმიტაციურ ვარჯიშებში, რათა შეიძინონ ექსტრემალურ (საგანგებო და საომარი მდგომარეობა) და არაორდინარულ (ე.წ. ჰიბრიდული ომის გამოვლინებები) ვითარებაში გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება-აღსრულების უნარ-ჩვევები. მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა აგებული უნდა იყოს ნატოს საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე საქართველოს ადგილმდებარეობის, მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის, საყოველთაო და სპეციფიკური რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.