შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ტერიტორიული მთლიანობის საკითხები

შექმნილ ვითრებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება არა ეროვნული ან რეგიონული, არამედ გლობალური ძალთა ბალანსის ცვლილების პირობებში. ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება, როგორც ცივილიზაციის განვითრების მორიგი კანონზომიერება და იგი გახსნის გზას გამთლიანებისკენ. ჩვენი ამოცანაა, ამ ცვლილების მომწიფებას და გზის გახსნას მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ, რათა გამთლიანების ობიექტურად რთულ პოლიტიკურ, ადამიანურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სტრუქტურულ ასპექტებს წარმატებით გავუმკლადეთ.


შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელმწიფო სტრატეგიის დახვეწის, მასზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის და შესაბამისი გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფაში; დემოკრატიული სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებში; საზოგადოებაში რაციონალური სახელმწიფოებრივი მიდგომების დამკვიდრებასა და იმ სტერეოტიპების დაძლევაში, რის გარეშეც მომავალი შერიგება და გამთლიანება შეუძლებელი იქნება; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების, დასაქმების და წარმატების მიღწევის იმაზე უკეთესი ალტერნატივების გაჩენაში, რასაც რუსეთი სთავაზობს, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების და ვიზალიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაში; ჟენევის ფორმატის ხელშეუხებლად აფხაზებთან და ოსებთან თემატური დიალოგის, რაც შეიძლება, მეტი ფორმატის გაჩენაში; ოკუპაციის ხაზებს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების სავაჭრო-სამეწარმეო ურთიერთობის წახალისებაში; აფხაზურის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის, პოპულარიზაციაში. 


ამავე მიმართულებით პრეზიდენტის სრულიად განსაკუთრებულ ფუნქციად იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წარმოჩენა, როგორც დემოკრატიული, წარმატებული, უსაფრთხო, ყველა მოქალაქის მფარველი, დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი და საჭირო პარტნიორი ქვეყნის. უნდა გვახსოვდეს, რომ გამთლიანება მოგვიწევს აფხაზების იმ თაობებთან, რომელთა მოტივაციები დაცლილი იქნება წარსულ-ემოციურისგან („თვალცრემლიანი შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან, ვისთანაც ხიდი ჩაგვიტყდა“) და სავსე იქნება მომავალ-რაციონალურით („უკეთესი გარემო ჩემი ინდივიუალური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითრებისთვის“).