შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ადგილობრივი თვითმმართველობა

ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარება შესაძლებლია მხოლოდ მკვეთრი დეცენტრალიზაციით და მმართველობის სამდონიანი სისტემით - ცენტრალური მმართველობა, რეგიონული თვითმმართველობა, მუნიციპალური თვითმმართველობა. რეგიონულ დონეზე თავი უნდა მოიყაროს იმ კომპეტენციებმა, რომელთა ცენტრალურ დონეზე განხორციელება სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით ვერ ხერხდება, ერთი მხრივ, და მათი მუნიციპალურ დონეზე განხორციელება არაეფექტიანია, მეორე მხრივ. მუნიციპალური ორგანოები სრულად უნდა გათავისუფლდნენ ცენტრის პოლიტიკური ნების შემსრულებლების ფუნქციიდან და უნდა გარდაიქმნან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების და მოთხოვნილებების შესაბამისი ხარისხიანი სერვისების მიმწოდებლებად, სათანადო ფინანსური რესურსებით. აუცილებელია საბჭოთა ცენტრალიზებული მმართველობის შესაბამისად შექმნილი რაიონების დაყოფა უფრო მომცრო მუნიციპალიტეტებად, რომლებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობასაც ექნება გაცილებით მეტი საერთო ინფრასტრუქტურული, საირიგაციო, სატრანსპორტო და სხვა ინტერესები.


გონივრული ურბანიზაციით - საშუალო და დიდი სოფლების მცირე და საშუალო ქალაქურ დასახლებებად გარდაქმნით - დაიძლევა ქართული სოფლის დაცარიელების არსებული ტენდენცია. ეს ნიშნავს არა სახელმწიფო ორგანოების დედაქალაქიდან რეგიონებში გადატანას, არამედ რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის აქტიურობის არეალის გაფართოებას, ღირსეული ცხოვრებისა და საქმიანობის შესაძლებლობების გაჩენას, რაც ჩამოაყალიბებს უცხოეთსა და დედაქალაქში იძულებით მიგრირებული მოსახლეობის უკან დაბრუნების გრძელვადიან ტენდენციას.


აუცილებელია რეგიონების თანაბარი ურბანიზაცია, სხვაობის შემცირება ცენტრისა და პერიფერიის მოსახლეობის ცხოვრების დონეში, საყოფაცხოვრებო პირობებსა და საჯარო მომსახურების გაწევაში. საქართველო ყველგან საქართველო უნდა გახდეს ისე, როგორც ეს მიღწეულია ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც დედაქალაქსა და ცენტრიდან მოშორებულ პატარა დასახლებულ პუნქტში თანაბრად იგრძნობა ერთიანი სახელმწიფოს არსებობა მომსახურების ხარისხში, სტანდარტში, ხელმისაწვდომობაში. სანამ თბილისის ცენტრში და ჯავახეთის თუ კახეთის რომელიმე სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ესოდენ განსხვავებული პირობები აქვთ ჯანდაცვის, განათლების, გართობის, წყალმომარაგების, დაცულობის, პიროვნული განვითარების და სხვა მიმართულებით, ჩვენ ერთიან სახელმწიფოზე მხოლოდ პირობითად ვსაუბრობთ. სახელმწიფოს მეთაურის საქმეა ქართული სახელმწიფოებრიობის ამ უდიდესი პრობლემის დასაძლევად საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ძალების მობილიზება.