შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - სექსუალურ უმცირესობათა უფლებები

საზოგადოების ცივილიზებულობის და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მგრძნობიარე მაჩვენებელია ქვეყანაში უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ არც სხვა უმცირესობების მიმართლებით გვაქვს იდეალური მდგომარეობა, საქართველოში ამგვარ მაჩვენებლად იქცა სექსუალურ უმცირესობათა უფლებრივი საკითხი. აშკარაა, რომ სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილში ზოგადად ყველანაირი უმცირესობის წინააღმდეგ დაგროვილი სიძულვილის კონცენტრირების ადგილი. განსხვავებულის უფლებების მიუღებლობა საკუთარ თავისუფლებასთან ვერ გამკლავების შედეგია, რაც პოსტკომუნისტურ-ტოტალიტარულ საზოგადოებების მთავარი გამოწვევაა და რაც უნდა დავძლიოთ. 


ამასთანავე, აუცილებელია უმცირესობის უფლებების საკითხში, სამართლებრივის გარდა, სხვა ისტორიულ-კულტურული ფაქტორებიც გავითვალისწინოთ და ღირებულებების საზოგადოების მიერ გათავისება დროში გაწელილ პროცესად დავინახოთ და არა მყისიერ „განათებად“. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სხვადასხვა უმცირესობების რიგში ჩაყენებას და მათი უფლებების დროში გაწერილი გრაფიკით რეალიზებას ვგულისხმობ. ცხადია, ყველა უფლება დაცული უნდა იყოს აქ და ახლავე. მაგრამ, რაც შეეხება მოქალაქეების თუ საზოგადოების ცნობიერებაში სიახლეების დამკვიდრებას, აქ ნამდვილად საჭიროა გარკვეული მოქნილობა, სიფრთხილე და თანმიმდევრულობა. რა თქმა უნდა, არის „შოკური თერაპიის“ ტაქტიკაც, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ „შოკური რეაქციებისთვისაც“. გზა, რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ 100 წლის განმავლობაში, ოთხი თაობის მონაცვლეობის პროცესში გაიარა, ჩვენ 10 წლის განმავლობაში „მესამედი“ თაობით გვაქვს ხოლმე გასავლელი და ეს უნდა შევძლოთ. თუმცა, ამავე გზის 1 წელიწადში გავლის მცდელობამ შესაძლოა ეს გზა 10 კი არა, 50 წლით გაგვიხანგრძლივოს. 


სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დაცვა ყველა შესაძლო ფორმის დისკრიმინაციისგან სახელმწიფოს პრესტიჟის საქმედ იქცა. ეს იმიტომაც, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ რუსული „რბილი ძალის“ შანტაჟს (ევროპა=ლგბტ) და იმიტომაც, რომ არ დავუშვათ ადამიანთა ჯგუფისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების აყრის უაღრესად სახიფათო პრეცედენტი. ხოლო ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ სექსუალური უმცირესობის გამო ერს გადაგვარება და გადაშენება ემუქრება, მას საპასუხო „ტაბურეტი“ არ უნდა მოვუღეროთ, მას მეტი და უფრო გასაგებად უნდა ავუხსნათ.