შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - გარემოს დაცვა/ეკოლოგია

ამ სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით ყველაფრის განადგურება და გვაქვს მოსავლელიც, გადასარჩენიც და აღსადგენიც. ჩვენი საცხოვრებელი გარემო უნიკალურია, მაგრამ მისი გაჯანსაღების და შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მეთოდები, რეგულაციები და ინსტრუმენტები არ არის უნიკალური. ეკოლოგიური და ფიზიკური სისტემების სტაბილურობისთვის გვჭირდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი პოლიტიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან და ევროგაერთიანების დირექტივების სრულად გათვალისწინება.


მხარდაჭერილი იქნება ყველა ის  საკანონმედებლო ინიციატივა თუ სამთავრობო ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანზე გარემოს ზიანის მიმყენებელი რისკების შემცირებაზე:   განახლებადი ენერგიების ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება; წყლისა და ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესება; ქალაქებში  მწვანე ნარგავების კვოტების  დადგენა; მწვანე საფარის აღდგენა და ახლის გაშენება;  დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება; კერძო სექტორისთვის სამოტივაციო სისტემების შექმნა და სხვა.


სიჯანსაღესთან ერთად საჭიროა საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია სტიქიური მოვლენების პროგნოზირების, თავიდან აცილების, მათთან გამკლავების, მოსახლეობის ინფორმირების და განათლების ეფექტური სისტემის ქონა. ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე და სილამაზე - ჩვენი მთები, მდინარეები და ტყეები - ზოგჯერ ჩვენივე მოქალქეებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ამ საკითხშიც საჭიროა სხვა მსგავსი რელიეფის, კლიმატის თუ განსახლების არეალის მქონე ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარება.