შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ მჯეროდა, რომ ქალთა უფლებების საკითხი, ზოგადად, და მათი სრულფასოვანი პოლიტიკური თანამონაწილეობა, კონკრეტულად, სპეციალურ საკანონმდებლო-ადმინისტრაციულ ზომებს არ საჭიროებდა და „ცხოვრებას ეს თავისთავად მოჰქონდა“. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც აშკარაა თითქოს უკვე გადახდილი ღირებულებითი ბრძოლების განახლება, თითქოს უკვე მიღწეული კონსენსუსების დარღვევა, თითქოს უკვე სრულად და ყველას მიერ უარყოფილი სოციალური მოდელებისკენ შებრუნება.


ამ ტენდენციებმა ცუდ დროს მოუსწრო პატრიარქალურ-კომუნისტური წიაღიდან გამოსვლის პროცესში მყოფ ქართულ საზოგადოებას, ზოგი უკვე მორყეული სტერეოტიპი კიდევ უფრო გაამყარა და საჭირო გახადა მათ გადასალახად კონკრეტული ზომების მიღება. უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში გავრცელებული, უსაფუძვლო წარმოდგენები და ტენდენციები, რათა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ქალებისთვისაც ისეთივე ბუნებრივი გახდეს, როგორც ეს დღემდეა კაცებისთვის.


ამიტომ, ბოლო წლებში მხარს ვუჭერდი და ვუჭერ ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფის სპეციალურ ზომებს და კვოტებს. საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტები მაქსიმალურად უნდა აისახოს და არა მინიმალურ-სიმბოლურად (მაგალითად, მეტი დაფინანსება მეტი ქალი კანდიდატის გამო). მნიშვნელოვანია ეგრეთწოდებული მამაკაცური პროფესიების დაწესებულებებსა და ინსტიტუტებში ქალთა მონაწილეობის ზრდა. მაგალითად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის თანაბრად დაკისრება მამაკაცებისა და ქალებისათვის, ოღონდ, იმ მოდელით, რაც თავდაცვის ორგანიზაციის სეგმენტშია აღწერილი.


პრეზიდენტის მიერ ამ საკითხში მაღალი და მისაბაძი სტანდარტის დასამკვიდრებლად, გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ქალების და მამკაცების თანაბარი წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება არა „ზედა ეშელონებში ბევრი კაცით და ქვედა ეშელონებში ბევრი ქალით“, არამედ „ყველა ეშელონში თანაბარი წარმომადგენლობით“.