შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - სოციალური უსაფრთხოება

საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდის ეკონომიკურმა პროცესებმა მოსახლეობის და ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მძიმე სოციალური ფონი ჩამოაყალიბა. ამ მდგომარეობის დაძლევა მხოლოდ სოციალური პროგრამების გზით ჩვენი საბიუჯეტო რესურსების პირობებში სულ უფრო რთულდება და, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაბამისად, პარალელურად განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისი აქცენტების და მიზანმიმართული, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის გარეშე შედეგი ვერ იქნება მიღწეული. 


სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს დიფერენცირებული. საჭიროა, ერთი მხრივ, საზოგადოების განსაკუთრებით ღარიბი და ღატაკი ფენებისთვის რეალური ეფექტის მომტანი სოციალური დახმარების სისტემის შექმნა და, მეორე მხრივ, საზოგადოების სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით, შრომისუნარიანი წევრებისთვის, იმ პროგრამების განხორციელება, რომელიც მათ ეკონომიკურ პროცესებში მეტ ჩართვას განაპირობებს (მცირე ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო აქტივობა და ა.შ.)


კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებზე მიმართული სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული და, ძირითადად, მოიცავდეს: საგადასახადო შეღავათებს და გამოქვითვებს, საპენსიო სისტემას, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ შემწეობებსა და სერვისებს, ეკონომიკური აქტივობის მხარდამჭერ პროგრამებს. ამასთან, კანონმდებლობა და პროგრამები ისე უნდა იქნეს შემუშავებული, რომ სოციალური პროგრამები არ ამცირებდნენ ეკონომიკური აქტიურობის სტიმულებს. 


სოციალური პოლიტიკის საკვანძო მიმართულებას, ეკონომიკური განვითარების კვალობაზე, საპენსიო დაზღვევის სისტემების განვითარება წარმოადგენს, რაც განხორციელებული უნდა იქნეს საშემოსავლო გადასახადის რეფორმასთან ერთად. ამ ნაწილში უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო პრინციპებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის კონკრეტული მოდელის ეტაპობრივი დანერგვა.