შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - თავდაცვის პოლიტიკა

ნაწილობრივი ოკუპაციის და მუდმივი საფრთხის მოლოდინის პირობებში მყოფი, პატარა და მცირე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება ყველა სახელმწიფო რესურსის კოორდინაციით და თავმოყრით. შესამუშავებელია სრულყოფილი, მრავალკომპონენტიანი სტრატეგიული თავდაცვის კონცეფცია და გეგმა, რომელიც შესაძლებელს გახდის საფრთხის მატების პირობებში ნებისმიერმა სახელმწიფო ინსტიტუტმა და მოქალაქემ იცოდეს, ერთი მხრივ, თავდაცვისათვის საჭირო ქცევის წესები, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი როლი ქვეყნის უსაფრთხოების განტკიცებაში. მაგალითად, ლიცენზირებულ საქმიანობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებმა - “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტში ცოცხალი ძალის გადაყვანის სქემა; სამედიცინო პერსონალმა - საომარ მდგომარეობაში მათი განაწილების სქემა; IT სპეციალისტებმა - ქვეყანაზე კიბერ შეტევისას მოქმედების სცენარები; ინჟინრებმა - მობილიზაციის გამოცხადებისას მათი მოქმედების გეოგრაფია; მთელმა საზოგადოება - პასუხის გაცემის ფორმები საინფორმაციო ომის დროს და სხვა.


ჯარის სრულად პროფესიულ-საკონტრაქტო პრინციპებზე გადაყვანასთან ერთად, სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის (იგულისხმება ქალებიც) იმ პირობით, რომ ყველას შეეძლება ამგვარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება მისი ინტერსებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკით. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა არ უნდა იყოს დაკავშირებული ფორმით და იარაღით ხელში რომელიმე კონკრეტულ პუნქტში გამოცხადებასთან. არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებისათვის ახალგაზრდების რეკრუტირება უნდა მოხდეს მათი სპეციალობების და უნარების მიხედვით. მაგალითად, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები სამხედრო სამსახურს გაივლიან სამხედრო ჰოსპიტალში, ან სამედიცინო ბატალიონში, სადაც შეიძენენ საველე პირობებში ოპერირებისათვის საჭირო უნარებს და იმავდროულად დახარჯული დრო, აკადემიური კრედიტების სახით, ჩაეთვლებათ საკუთარ უნივერსიტეტში. ანალოგიურად უნდა მოხდეს ჯარისთვის საჭირო სხვა პროფესიების შევსება სამოქალაქო პერსონალით, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის პირობებში შესაბამის უნარ-ჩვევებს მიიღებს.


ქვეყანაში უნდა არსებობდეს სარეზერვო სამსახური. იგი უნდა იყოს, ერთ მხრივ, პროფესიული საბრძოლო (სამხედრო წვრთნა გავლილი პირების) რეზერვის და, მეორე მხრივ, სრულფასოვანი თავდაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პროფესიების წარმომადგენელთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.