შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - რეგიონული თანამშრომლობა

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მეორე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ერთდროულად ჩვენს ორივე სამხრეთკავკასიელ მეზობელთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) პარტნიორული, დინამიკურად განვითარებადი ურთიერთობების შენარჩუნება, რაც არაა იოლი ამოცანა ყარაბაღის გამო მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში. საქართველომ სტაბილურად კარგი ურთიერთობები დაამყარა ყველა ახლო თუ შორეულ მეზობელთანაც (ერთის გამოკლებით) და შეიძინა კეთილმეზობლობასა და თანამშრომლობაზე ორიენტირებული, გახსნილი სახელმწიფოს რეპუტაცია. იგი მოსახერხებელ მოედნად იქცა არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენელთა კონტაქტებისთვის ბიზნესის, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში. საქართველოს საკომუნიკაციო-სატრანზიტო ფუნქცია, მათ შორის - ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიცაა ენერგეტიკა, აქცევს მას შეუცვლელ პარტნიორად როგორც მის აღმოსავლეთით, ისე დასავლეთითა და სამხრეთით მდებარე ქვეყნებისთვის. გეოგრაფიულ მდებარეობასთან შერწყმული მისი გახსნილობა განსაზღვრავს საქართველოს მნიშვნელობას ვრცელი (და ჭრელი) არეალისთვის. თუმცა, საქართველოს „რბილი ძალის“ პოტენციალი ჯერ კიდევ შორსაა ამოწურვისაგან და მისი რეალიზების მიმართულებით მუშაობამ გააზრებული და სისტემური ხასიათი უნდა შეიძინოს საერთოეროვნულ დონეზე.


თავის მხრივ, საქართველოს „საჭიროება“ მრავალი მეზობლისთვის ზრდის მისი უსაფრთხოების ხარისხს, რადგან აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უშუალოდ დააზარალებს სხვებსაც. საკმარისია გავიხსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთის არცერთმა მოკავშირემ მას მხარი არ დაუჭირა და დღემდე არცერთს არ უღიარებია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.


იმავდროულად, საქართველოს ძალუძს თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და იძლევა კიდეც ამის თაობაზე არაორაზროვან სიგნალებს. 2008 და 2014 წლებში, შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე დაირღვა და მისი უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახდა ნატოს ფორმატში. საქართველოს ხელისუფლებისა და მისი უახლოესი მოკავშირეების ამოცანაა, რომ შესაბამისი პრობლემატიკის განხილვა და გადაწყვეტილებების შემუშავება ჩვენი ქვეყნის უშუალო მონაწილეობით მოხდეს.