შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ჯანდაცვა

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის პირობებში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და ხარისხის არასათანადო დონე მოქალაქეების და ოჯახების უმრავლესობას მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელმაც გარკვეული შედეგები მოიტანა, აქვს პრობლემები საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურ ხარჯვასთან და ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით. იგი უნდა გარდაიქმნას საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის პრინციპის შესაბამისად. ამასთან, სადაზღვევო შენატანებთან დაკავშირებული დამატებითი ფინანსური ტვირთი მოქალაქეებისთვის და დამქირავებლისთვის არ უნდა გაიზარდოს და უნდა ჩაეტიოს დღეს არსებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის არსებულ ურთიერთობებში სახელმწიფოს საოპერაციო ფუნქციები მნიშვნელოვანწილად ჩანაცვლებული იქნება კერძო სადაზღვევო კომპანიებით. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის სისტემის ფინანსურ ეფექტიანობას, შეამცირებს „გაბერილი ხარჯების“ პრობლემას და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, ფოკუსირება გააკეთოს საზოგადოების ყველაზე  მოწყვლად ჯგუფებზე, მათი ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ფინანსური მხარდაჭერის გზით. 


სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში იმ თანამედროვე სამედიცინო სერვისების და პროცედურების დანერგვას, რომელსაც მოქალაქეები საქართველოში ვერ იღებენ და უცხო ქვეყნებში (თურქეთი, გერმანია და ა.შ.) უწევთ მკურნალობა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ოჯახებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფოს პოლიტიკამ ჯანდაცვის სფეროში უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის დარგის რეალური რეორიენტაცია პირველადი (ამბულატორიული) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.