შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - დასაქმება

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმებისა და დასაქმებულთა შემოსავლების ოდენობაში არსებითი ცვლილება არ მომხდარა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარების არსებული ტენდენციებისა და სტრუქტურის პირობებში მისი მკვეთრი გაუმჯობესება არც მომდევნო პერიოდში მოხდება. აქედან გამომდინარე, თვალნათელია, რომ ეკონომიკური პროცესების არსებული სტრუქტურა მოითხოვს მკვეთრ ჩარევას და ადეკვატურ ცვლილებას.


დასაქმებისა და შემოსავლების დონის არსებითი გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარება, ვინაიდან მხოლოდ ამ ფორმითაა შესაძლებელი მოქალაქეთა სამეწარმეო და ინდივიდუალური უნარების ფართოდ გამოყენება და განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყანაში ახალი საწარმოო პოტენციალის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე, მიღებული შემოსავლების ბევრად უფრო მეტ მოქალაქეზე გადანაწილებას. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარება წარმოადგენს ქვეყანაში სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირების და სოციალური პრობლემების მოგვარების ყველაზე უფრო ეფექტურ მექანიზმს.


აღნიშნულ პროცესში, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია და უკავშირდება შემდეგი პრობლემების გადაწყვეტას: ფინანსურ რესურსებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სათანადო სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა, ბუნებრივ რესურსებთან ეფექტური ხელმისაწვდომობა, ბაზარზე კონკურენტული პირობების დაცვა, წარმოებისა და რეალიზაციის სტანდარტების დაწესება და ხარისხის კონტროლი. ასევე, საქართველოს მიერ თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპების უფრო და უფრო ფართოდ გამოყენების პირობებში, ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილების დაცვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნებისთვის, თანდათანობით იკვეთება იმპორტირებული პროდუქტების ხარისხის კონტროლის საკითხი. ამ ნაწილში საჭიროა იმპორტირებულ პროდუქციაზე ხარისხის კონტროლის შემოღება ევროკავშირის სტანდარტებით გათვალისწინებული წესებით.