შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით უსუფაშვილი - ზოგადი ხედვა

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მთავარი ამოცანაა მოპოვებული სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის უზრუნველყოფა: ა) მოქალაქეობრივი ცნობიერების, პასუხისმგებლობის და აქტიურობის ხარისხობრივი ზრდით; ბ) სტაბილური მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნით; გ) დემოკრატიული სამყაროს უსაფრთხოების და თანამშრომლობის სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრირებით.


პრეზიდენტის ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის თანაბარი გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება, რათა ჩვენს სამშობლოს ჩვენმა სახელმწიფომ უპატრონოს და მრავალპარტიული სხვადასხვაობა საერთო სახელმწიფოებრივმა ერთიანობამ დააბალანსოს. 


გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით, სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია - ბევრი ან ტოვებს ქვეყანას, ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს. ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს. ამიტომ პრეზიდენტის ამოცანაა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენა და განმტკიცება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიული მოდერნიზაციის ხელშეწყობა,  ინდივიდუალური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი წარმატების მომტანი  „მუდმივად მეტი შესაძლებლობების" დოქტრინის რეალიზება, ანუ ქვეყნის, ოჯახის და პიროვნების ნაბიჯ-ნაბიჯ, რაციონალური, დაგეგმილი განვითარება.


პრეზიდენტი გვჭირდება, რადგან საქართველოს სჭირდება ნაბიჯები სახელმწიფოს შესაკვრელად, საზოგადოების მოსაწესრიგებლად, ქვეყნის დასალაგებლად, რაც აღმასრულებელი ვალდებულებებისგან და პოლიტიკური პაექრობის აუცილებლობისგან გამოთავისუფლებული სახელმწიფოს მეთაურის გასაკეთებელია.


P.S. კითხვარის ცალკეული თემები (მაგალითად, სოციალური დაცვა, ეკონომიკა, დასაქმება და სხვ.) მნიშვნელოვნად სცილდება პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციას და მათზე ჩემი პასუხები უნდა განვიხილოთ, როგორც ჩემი პოზიცია და არა საპრეზიდენტო დაპირება.