შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - გადასახადები

“ევროპული საქართველო” გამოსავალს ვხედავთ, ერთი მხრივ,  გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში, რათა ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა - ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.


“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში წარვადგინეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. ეს პაკეტი გულისხმობს:

  • ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის დაბრუნებას ძველ მაჩვენებელზე, რითაც საწვავის ფასის, მინიმუმ, 20 თეთრით გაიაფებაა შესაძლებელი;
  • დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვრის 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზრდას;
  • განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის 10%-მდე შემცირებას;
  • საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირებას.


ამასთან, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაზრდას ითვალისწინებს.


ეს ზომები პირველივე წელს ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება როგორც საერთო ეკონომიკურ, ისე ჩვენი ასიათასობით მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას.