შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები
დავით ბაქრაძე - ეკონომიკა

მე და ჩემი საპარლამენტო გუნდი - “ევროპული საქართველო”, გამოსავალს ვხედავთ, ერთი მხრივ,  გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა “ქართული ოცნების” ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა - ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.

“მცირე მთავრობის” მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად - მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს, არამედ მოტივაციას შეუქმნის უცხოეთში წასულ თანამოქალაქეებს, სამშობლოს დაუბრუნდნენ და თავისი ცოდნა და ენერგია საკუთარ სამშობლოში გამოიყენონ.